ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა.

ინფორმაციას გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა კარტები გახსნა დაადასტურა რა, რომ მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრანგეთი სამაგიეროთი არ უპასუხებს.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში გაზრდილია დაძაბულობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობის გამო, დაუშვას ბირთვული თავდასხმა, რადგან მისი უკანონო შეჭრა უკრაინაში სუსტდება.

„ბოლო კვირებში ნატო-ს მოკავშირეებმა არაერთხელ გააფრთხილეს ვლადიმერ პუტინი რუსეთისთვის მძიმე შედეგების შესახებ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, გასულ დღეს ერთიან ფრონტში გაჩნდა ბზარი, როდესაც მაკრონმა გლობალური ომის გამოწვევის შიშით, გამორიცხა თავისი ქვეყნის ბირთვული არსენალის გამოყენება პუტინის დარტყმის შემთხვევაში “, – წერს გამოცემა.

უოლესის თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, ეს მისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

„ჩვენი შეხედულება ასეთია, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს მისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ეს იქნება ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ 1945 წლის ტაბუს დარღვევა და ეს დატოვებს პუტინს მთელ მსოფლიოში წარმოუდგენლად იზოლირებულს“, – განაცხადა უოლესმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 2“-თან ინტერვიუში განაცხადა: „საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას“.