კალიფორნიის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს გენერალ ჯეიმს მატისს შეხვდა, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია.
საქართველოს ელჩმა საუბრისას აღნიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სამაგალითო სამხედრო თანამშრომლობა, ასევე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ერთობლივი ბრძოლისა და სამაგალითო თანადგომის 20-წლიანი ისტორია. ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალ მატისს საქართველოს მხარდაჭერისთვის და მისი პირადი თანადგომისთვის მისი კარიერის მანძილზე და თავდაცვის მდივნის რანგში.
ჯეიმს მატისმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას და უსაფრთხოების კუთხით რეგიონსა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, კრემლის მცოცავ ანექსიასა და არაღიარების პოლიტიკის თავისებურებებზე.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელობას და ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე. ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე განვითარებების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-ის ლიდერობა, მათ შორის, როგორც დასავლეთი და ცენტრალური, ისე აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის.
დავით ზალკალიანმა აგრეთვე ისაუბრა რეგიონისა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური, ეკონომიკური და სავაჭრო ჰაბის/კვანძის პოტენციალი და მნიშვნელობა, რაც თვალნათლივ დასტურდება რეგიონსა და საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნებით, შავ ზღვაზე სტრატეგიულად განლაგებული პორტების აქტიური განვითარებით და სხვა მრავალი ეკონომიკური აქტივობით.
საქართველოს ელჩმა აქვე ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონსა და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის შემოდინებისა და ბიზნეს საქმიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.