ყირიმის ტერაქტის გამოძიება გრძელდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ტერაქტის მარშრუტი ბულგარეთში იწყება, საქართველო-სომხეთში გრძელდება, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის გავლით, კრასნოდარის მხარეში გადადის და ყირიმის ხიდზე, აფეთქებით თავდება. არის მსხვერპლიც — 4 ადამიანი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ჩათვლით.
წინასწარი გამოძიების მიხედვით, ამ ტერორისტულ აქტში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან სირიის ომში პანკისელმა ტერორისტებმა ისე „გამოიჩინეს“ თავი, დღემდე რომ არასასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს ყველა შეგნებულ ქართველში, თუმცა ასეთთა რაოდენობა (შეგნებულთა) იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხალხის მენტალიტეტზე გავლენას ვერ ახდენს.
პანკისელთა „გმირობა“, უკრაინის ფრონტზე გამოვლენილმა „გმირობამ“ ჩაანაცვლა — ნეოფაშისტი უკრაინელის გვერდიგვერდ რუსთა წინააღმდეგ ომში.
თითქოს ხელისუფლება ოფიციალურად არ მოუწოდებს ქართველობას უკრაინის ომისკენ, მაგრამ არაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. პირიქით, იქ დაღუპულებს სამხედრო პატივით კრძალავენ — ისეთით, გმირს რომ შეეფერება.
საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სძულს რუსეთი, როგორც “აგრესორი”, “ოკუპანტი”, “ბოროტი” ქვეყანა და უყვარს უკრაინა, ანუ “გადატრიალებული რუსი”, იმიტომ, რომ იმ გადატრიალებულს თავი „კიტრად“ მოაქვს — თავისსავე სისხლსა და ხორცზე უკეთესად, განათლებულად, ევროპელად, თითქოს ევროპელობა ღმერთთან გათანაბრების საშუალება იყოს.
ქართველთა უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა გასული საუკუნის 20-იან წლებში იწყება, უფრო ზუსტად 1922 წელს, როდესაც ლენინის მითითებით შეიქმნა საბჭოთა კავშირი; როდესაც მეფის რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო სხვადასხვა ხალხთა პროლეტარიატის შეერთება. საბჭოეთში დაბადებულებს კარგად ახსოვთ ლოზუნგი — „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ და მოხდა მასშტაბური შეერთება, ჯერ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ მსოფლიოს — მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
მაშინ ბოლშევიკი ბელადები ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ღონგამოცლილი კაპიტალიზმი შეძლებდა ომის შემდგომი კომუნისტური ელიტისთვის კაპიტალისტური ბაცილის შეყრას და ისეთ გადაგვარებას, გიგანტი ქვეყნის დაშლას რომ გამოიწვევდა.
საქართველო, დაშლილი საბჭოეთის ნანგრევებიდან ამოწვერილი სუსტი ბალახია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ატმოსფერული რყევების შედეგად აქეთ-იქით იზნიქება. ღეროს არამდგრადობა არ აძლევს მას მზისკენ აწვერვის საშუალებას. ამ დამთრგუნავ პროცესს გადამთიელის ძალისხმევაც ემატება, რომელიც დღენიადაგ ჩასჩურჩულებს, რომ ის ევროპელია; რომ მისი ტრადიციული საარსებო ადგილი ევროპაა და არა რუსეთი; რომ რუსეთი მტერია, რომელსაც მუდმივად უნდა ეომოს, მეტადრე ენით, თორემ ნამდვილი ომის თავი საქართველოს სად აქვს?
ასე და ამრიგად, გადავიქეცით რუსეთის და გავლილი საბჭოური ცხოვრების უშვერი სიტყვებით მაგინებელ ერად. გადამთიელი მასწავლებლის წყალობით, ჩვენც, ისეთივე ერთუჯრედიანი ევროპელი არსებები გავხდით — გუიმპლენის უაზრო ღიმილით და ტყუილების ტირაჟირებით.
კაჭკაჭებივით ვიმეორებთ ვაშინგტონში შეთხზულ ტყუილს, რომელსაც მათი ემისარი, მისთვის ჩვეული შუბლის ძარღვის გაწყვეტით, დროდადრო ჩაგვძახის — არასდროს გვითქვამს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო. სჯერა ვინმეს დეგნანის „ფიცის“?
სჯერათ — სამწუხაროდ, ბევრს, ვინაიდან ასეა საჭირო. რა ჰქვია იმას, როდესაც არ გჯერა, მაგრამ გჯერა? ამ მოვლენას ქართულ-ამერიკული ან პირიქით — ფენომენი ჰქვია.
აშშ-ს ზეწოლა თუნდაც ევროპის „მოკავშირე“ ქვეყნებზე, მეორე ევროპული ქვეყნის საომრად წაქეზება არახალია.
დეგნანს „მალამოსავით“ მოედებოდა გულზე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადება აშშ-ს პრეზიდენტ კლინტონთან დაკავშირებით. ვუჩიჩმა გააჟღერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის ნათქვამი, რომ კლინტონი აძალებდა ორბანს იუგოსლავიის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რაც მწვანე შუქს აუნთებდა თვით ვაშინგტონს ომის გაჩაღებაში. ორბანმა გაუძლო ამერიკულ ზეწოლას. ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებაც უძლებს — ჯერ-ჯერობით.
ზეწოლა მრავალმხრივია, თანაც ისეთი, ვერვინ ივარაუდებს სად გაწყდება ცხოვრებისეული ძაფი. ხალხური ნათქვამია — წყდება იქ, სადაც ვიწროა. ვიწრო ადგილები კი საქართველოს უამრავი აქვს. საკმარისია ერთის გაწყვეტა, რომ ამოქმედდეს დომინოს პრინციპი.
და რა იქნება შემდეგ? იქნება იმაზე უარესი, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რომ იყო — უშუქობა, უგაზობა, უპურობა, უტაქსობა, ქურდობა, ბანდიტობა, შემთხვევითი ტყვიით აივანზე ადამიანის მკვლელობა. იქნება ყველაფერი ის, რაც რის ვაივაგლახით გადავლახეთ, მაგრამ ცხოვრება ვერ ავიწყვეთ. დავჯერდით კომუნისტური წყობის სიკეთით შექმნილის დაშლა-გაყიდვას.
ჩვენს სამეზობლოში საქართველოა გამორჩეული. რითიო? — იკითხავთ. გიპასუხებთ, არა იმით, რითიც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქვეყანა უნდა გამოირჩეოდეს — სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, მეცნიერებით. არა, მეგობრებო — ელიტარული ქურდობით და პოლიტიკური ლაქლაქით — უაზრო, უსაგნო ლაქლაქით, ხალხმრავალი ქორწილებით და ქელეხებით. ის, რაც „კოვიდ-19“-ს კრიზისულმა პერიოდმა დაგვაკლო, ახლა ვინაზღაურებთ.
როდესაც პატარა ქალაქში ვიღაც ვექილი თავს უფლებას მისცემს ქუდზე კაცს მოუხმოს — ქორწილში და მას ქალაქის მესვეურები არ შეახურებენ, ნათელია, რა ევროპელებიც ვართ! 700-კაციანი ქორწილი გამონაკლისი შემთხვევაა თუ მანკიერი ტრადიცია?
და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც გაეროს მონაცემებით 75000 ბავშვი შიმშილობს. რამდენი საჭმელი გადაიყრებოდა იმ ქორწილში?
ნეგატიური მომენტების ჩამოთვლას ტომები არ ეყოფა, მაგრამ უნდა ითქვას, დაიწეროს, გაკრიტიკდეს შინაურიც და გარეულიც, მით უმეტეს შინაური, რომელსაც 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ვერ შეაგნებინა, რომ საქართველო მისი სამშობლოა, რომელიც კვებასაც საჭიროებს; ვერ შეაგნებინა, რომ კვების გარეშე რძე არ ჩადგება ჯიქანში; ვერ შეაგნებინა, რომ სამშობლო უსულო ცნება კი არა, სულიერია, რომელიც უყურადღებობით, ზერელე დამოკიდებულობით ხელში შეიძლება შემოადნეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი