“თელავმა” ისტორიული გამარჯვება იზეიმა

მე-4 ტურის დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის სატურნირო ცხრილის სათავეში ორხელისუფლებიანობა დამყარდა.

გორის „დილამ“ სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა საჩხერის ჩიხურა, 8 ქულა დააგროვა და თბილისის „დინამოს“ მხოლოდ გატანილ-მიღებული ბურთების უარესი ბალანსით ჩამორჩება.

მატჩის ბედი პირველ ორმოცდახუთწუთეულში გადაწყდა, რომელიოც სტუმართა გუნდმა განსაკუთრებული აღმავლობით ჩაატარა. შეხვედრის გმირი „დილას“ უკრაინელი ლეგიონერი, გასულ სეზონში სწორედ თბილისის „დინამოდან“ დამატებული ნიკოლა კოვტალუკი გამოდგა, რომელმაც „დუბლი“ მიითვალა და თავის გუნდს 2:0 გაამარჯვებინა. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, როცა ნონდის პასის შემდეგ კოფტალიუკი მასპინძელთა კიპერის პირისპირ აღმოჩნდა და კარის დალაშქვრა აღარ გასჭირვებია. თხუთმეტიოდ წუთში უკრაინელმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ შეარხია „ჩიხურას“ კარის ბადე – ამჯერად მას ასისტირება სპანდერაშვილმა გაუწია. ეს სოლიდური ორბურთიანი ჰანდიკაპი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრები შედარებით დამშვიდდნენ და ტემპიც დააგდეს, თუმცა საკითარი კარის „მშრალად“ შენახვა მოახერხეს და გიორგი ნემსაძის დამძღვრილმა „დილამ“ ძალზე მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.

დღესვე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა „თელავმა“, რომელიც გასული წლის შედეგების მიხედვით პირველად აღზევდა „ლიგა 1“-ში და უძლიერესთა კომპანიაში სადებიუტო სეზონს ატარებს. თუმცა, ეს დებიუტანტობა კახურ გუნდს სულაც არ უშლის ხელს, რომ სეზონის სტარტზევე გამოავლინოს ხასიათი და ყველა ქულისათვის ბრძოლა გამართოს. აღსანიშნავია, რომ „თელავს“ არა თუ მარცვხი არ აქვს განცდილი 4 ტურის შემდეგ, არამედ დღევანდელი გამარჯვების წყალობით უკვე 6 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერებს – „დინამო“ – „დილას“ ტანდემს სულ ორი ქულით ჩამორჩება. 7 ქულა აქვს მესამე პოზიციაზე მყოფ „ლოკომოტივს“.

კახელებმა ეს ისტორიული „3-ქულიანი“ „სამტრედიასთან“ გაახერხეს. თელეველები უკვე მე-4 წუთზე ბერიაშვილის გოლით დაწინაურდნენ, რასაც სამტრედიელებმა ხუთ წუთში აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ყურბანოვის შედეგიანი გასროლით უპასუხეს. თუმცა, ეს იმერელთა ბოლო წარმატება აღმოჩნდა და ამის შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ. პირველივე ტაიმში რუხაძემ კიდევ ერთხელ დააწინაურა „თელავი“, ხოლო შეხვედრის 54 წუთზე ძოწენიძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა:. აღსანიშნავია, რომ დარჩენილ დროში „სამტრედიამ“ გაიბრძოლა და ორჯერ ძალიან ახლოსაც იყო გილის გატანასთან, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელების დარტყმების შემდეგ ორივე შემთხვევაშ ბურთი ხარიხამ მოიგერია.

მე -4 ტური დღეს დასრულდება „მერანი“ – „ტორპედოს“ მატჩით.

 

“აიპრესი”