100-მდე ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ინდონეზიამ ხველის საწინააღმდეგო ყველა სიროფი აკრძალა

„ინდონეზიაში შიშობენ, რომ 100-მდე ბავშვის სიკვდილი, შესაძლოა, ხველის სამკურნალო სიროფს უკავშირდებოდეს. ქვეყნის მასშტაბით, ხველის საწინააღმდეგო ყველა სიროფი აიკრძალა“, – ამის შესახებ BBC წერს.

ინდონეზიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზოგიერთი თხევადი სიროფი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც დაკავშირებულია თირკმლის მწვავე დაზიანებებთან (AKI). ჯერ უცნობია, სამკურნალო საშუალებები იმპორტირებული იყო თუ ადგილობრივად წარმოებული.

ინდონეზიის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში თირკმლის მწვავე დაზიანების დაახლოებით 200 შემთხვევა დააფიქსირეს, რომელთა უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა. აქედან თითქმის ნახევარი – 99 ბავშვი გარდაიცვალა.

„დადასტურდა, რომ ზოგიერთი სიროფი, რომელსაც თირკმლის მწვავე დაზიანებების მქონე, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იყენებდნენ, შეიცავდა ეთილენგლიკოლსა და დიეთილენგლიკოლს, რომლებიც შემადგენლობაში ან საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, ან – ძალიან მცირე რაოდენობით“, – აცხადებს ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრი.

ინდონეზიის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რომელი ბრენდისა და სადაური წარმოების სიროფებს უკავშირებს ბავშვების გარდაცვალებას.