თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით საუბარი 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხაჩილავამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.