რაინჰოლდ მესნერი – “თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი უშბა

რაინჰოლდ მესნერი – “თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი უშბა – ის უმნიშვნელოვანესი მთაა ალპინიზმის ისტორიაში”.

ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე “კავკასიის მთის ცენტრის” მშენებლობა იგეგმება. როგორც იდეის ავტორმა, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პროექტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა, ეს დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.

– “კავკასიის მთის ცენტრი” მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ. თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით უშბა – უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. თქვენი მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით” – განაცხადა მესნერმა.

ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალურ ვიზიტად ეწვია ზემო სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა.

რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.

ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.

წყარო: guardian.ge