კრემლში აცხადებენ, რომ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბრიტანეთი სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ განხორციელებულ თავდასხმაში. მისივე თქმით, მოსკოვი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას განიხილავს.
„ასეთი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ დამატებით ნაბიჯებზე, ამის გარეშე არ შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა ბრიტანელ სამხედროებთან კონსულტაციით ხდებოდა.