გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები – კალაძე მეტრო “გოცირიძეზე”.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანია – შპს “მამისონის” მიერ პროექტის დაგვიანებით დასრულება კატეგორიულად მიუღებელია.
“იცით, რომ მეტრო გოცირიძეზე სამუშაოებს ასრულებდა შპს “მამისონი”, რომელიც გახლდათ ტენდერში გამარჯვებული და იმის მაგივრად, რომ დაახლოებით 210 დღეში დასრულებულიყო სამუშაოები, ძალიან ბევრი პრობლემები შეიქმნა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ მაგალითად მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რომელიც პროექტში არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, ის დაგვიანება, რომელიც გვაქვს სახეზე, ძალიან ცუდია. მიუღებელია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე. აისახება პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, ვინც მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ქალაქი შეიცვალოს უკეთესობისკენ. ყოველი დღე იყოს უკეთესი. იყოს მოწესრიგებული სივრცეები, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული რეკრეაციული სივრცეები და ასე შემდეგ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი კომპანიები და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
როგორც გითხარით, სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. უახლოეს მომავალში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას,”- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო. როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება არაერთი თვით გადაიდო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, გიორგი შარკოვის განცხადებით, ვადაგადაცილების გამო, კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.
წყარო: itv.ge