გოგა ხაინდრავა: ყველაზე საინტერესო დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ხდება და იქ ძალიან კარგად ვპოზიციონირებთ

ყველაზე საინტერესო დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ხდება და იქ ძალიან კარგად ვპოზიციონირებთ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც გაბედა დამოუკიდებლად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.

„ყველასთვის გასაგებია, რომ ის უამრავი გზა, რაც აქამდე გადიოდა რუსეთით, უკრაინით, ბელარუსით დამთავრდა, ეს გზები აღარ აკავშირებს ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ერთადერთი გზა, რომელიც აქეთ დარჩა, ჩვენზე გადის, ამიტომ ჩვენი მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა და ამ მნიშვნელობის გაზრდას სჭირდება მოქმედება. ამ მოქმედებას ახორციელებს ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენი ხელისუფლება. იმყოფებოდა ყაზახეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანთან ურთიერთობა, საამიროებში, ევროპაში, უნგრეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს გახდა მოთამაშე. აქამდე არასდროს ყოფილა. აქამდე იყო ღილაკს დააჭერდნენ, ნულანდი დარეკავდა ვაშინგტონიდან, აქ ეტყოდნენ მთავრობაში, ასე და ისე ქენითო. დღეს აქ უთხრეს, რომ ასე აღარ იქნება. მსოფლიოში დამთავრდა ეს, მარტო ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით ალბათ, მაგრამ ვითარება სწორად არის გაანალიზებული და დანახული, რომ ახლა არის დრო, თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა განმტკიცდეს. ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც გაბედა დამოუკიდებლად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის თანხვედრა საზოგადოების მოთხოვნის და ამ მოთხოვნის შესრულების უნარისა და სურვილის ხელისუფლებაში. ამ თანხვედრამ შექმნა აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური ველი ჩვენი ქვეყნის გარშემო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.