ჩერგოლეიშვილი „ტვ ფორმულაზე“: ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ

„ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც საუბრობს ზურა ჯაფარიძის ინიციატივაზე პარტიების გაერთიანების შესახებ.

ჩერგოლეიშვილი ამ ფაქტს თვალთმაქცურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს – იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ამას ემსახურება კეზერაშვილის მართული მედიაც, რომელიც კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით.

მისივე თქმით, ჩრდილოვან მართვაზე თანხმობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და არა რაღაც ყალბ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

„გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და „შუას გაკრეფა“ უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა.

აქ რასაც დავწერ, ვიღაცას შეიძლება დიდ საიდუმლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი რასაც დავწერ, საჯაროდ ხდებოდა, ან საჯაროდაა ნათქვამი და თქვენც შეგიძლიათ წერტილების შეერთება და გადამოწმება, რასაც ვყვები, იმის.

ჩემი დაკვირვებით:

– არანაირი დიდი ერთობა არ იქმნება – გიორგი ვაშაძემ მიიერთა ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ზუსტად ისე, როგორც 2021 წელს მელიამ – პირველადი მოტივაცია არის 5 პროცენტიანი ბარიერი.

– თვალთმაქცურ მტკიცებას, რომ ტროიკას (ასე დავუძახებ) მოტივი მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს – იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან და კეზერაშვილი ვერ მართავს.

– შარშან თუ მთავარი სამიზნე ბოკერია იყო, ახლა მთავარი სამიზნე მელიაა – ტროიკის და ტელემედიის გამოყენებით, კეზერაშვილი მელიას ჩაძირვას ცდილობს.

– თუ ეჭვი გეპარებათ კვესიტაძის და მელიას ეთერს შეხედეთ, კვესიტაძის საქციელს დააკვირდით – ერთიანობაო და მთავარი ოპოზიციუ,რი პარტიის თავმჯდომარეს ძირავდა ერთიანობის სახელით.

მერე ისიც გაითვალისწინეთ, რომ „მთავარ არხზე“ ფინანსური კრიზისია და ოთხი თვეა ხელფასები არ აუღიათ.

– ასევე გაიხსენეთ ისიც, რომ ტროიკამდე კეზერაშვილი და მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

– ღია დაპირისპირებას წინ უძღოდა ენმ-ის ბორდიდან კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმა ჩიქოვანის გამოგდება მელიას მიერ.

– საგულისხმოა, რომ დიმა ჩიქოვანი 2020 წელს გიორგი ვაშაძის პარტიის ბორდზეც იყო – ვისაც დიდ ფულს აძლევს კეზერაშვილი, თან ცოლისძმას აყოლებს. „ევროპულ საქართველოში“ არ სჭირდებოდა, გიგი ჰყავდა თავის ფეხად.

– ანუ თუ 2021 წელს ზურა ჯაფარიძის და ელენეს მელიაზე მიერთება კეზერაშვილმა გამოიყენა გიგა ბოკერიას იზოლაციისთვის. ახლა მელიაზე იყრის ჯავრს და ელენეს და ზურას, მელიას ჩასაძირად იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის – გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ.

რაც მოვყევი, ამაში გასამყარებლად ძალიან გამოგადგებათ კეზერაშვილთან ფინანსურად დაკავშირებული „ექსპერტების“ და „აქტივისტების“ პოსტები – ყველა ერთხმად ერჩის მელიას და ღალატში ამხელს. (ჩანხართ ხალხო – გხედავთ), ან ზურა ჯაფარიძეს და ელენეს აქებს – სწორად იქცევიან, რადგან ქოცები მათ დაუპირისპირდნენო (სასაცილო ისაა, რომ ქოცები მაინც ბოკერიას ტენიან ზურა ჯაფარიძეზე წინ, მაგრამ ჭიაბერაშვილმა ეს რომ დაინახოს, კეზერაშვილს ნარატივი დაეშლება და ვერ ხედავს).

– თუ მელია ნაცებიდან გააგდეს, ნაცებში თავმჯდომარედ კეზერაშვილის მორჩილს დანიშნავენ, რომელიც გიორგი ვაშაძეს შეუერთებს და კეზერაშვილის ქვეშ გააერთიანებს ნაცებს. (ამოცანა ესაა, მაგრამ რა გამოუვათ ცალკე საკითხია).

მელია, ცხადია, ყველაფრის ღირსია, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ ჩრდილოვანი პროცესი ამ ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა ჭაობში სძირავს და ამ პროცესის მხილება ეროვნულ ამოცანად მიმაჩნია.

ანუ, ჩემი მყარი ვარაუდით, ზურა არაფერს არ აერთიანებს – კეზერაშვილი აერთიანებს თავისი გავლენის ქვეშ ყველაფერს, რაშიც ფული დაუხარჯავს.

ამას ემსახურება კეზერაშვილის მართული მედიაც.

ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით – მაგალითად, იმ დღეს ერთი გიგას სერიოზულად უმტკიცებდა რომ 2003 წელს ცვლილება ერთიანობით მიიღწა. ეს არის ტყუილი და მე არ მჯერა, რომ წერა-კითხვის მცოდნე ჟურნალისტს ამის გადამოწმება არ შეუძლია. უბრალოდ არ ანაღვლებს გადამოწმება – ისტორია ყალბდება იმის სასარგებლოდ, ვინც ფულს იხდის.

არანაირი ერთიანობა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე არ ყოფილა – ეს არის დიდი ტყუილი. ყველა პარტია იბრძოდა ცალ-ცალკე. ჟვანია და მიშა ხოცავდნენ ერთმანეთს (მახსოვს კიდეც ჟვანიასთან ბოლო ლაპარაკი – მაგან უკვე თავისი ძალა დაინახა და მე არაფერს აღარ „მიჯერებსო“ ასე მითხრა და თან ჩაის ხვრეპდა).

ძალიან დიდი უპირატესობით 3:1 მოუგეს შევარდნაძე/აბაშიძეს – თბილისშიც 3:1 მოუგეს (ჯერ ჩვენ ასე ბიძინასთვის არ მოგვიგია), შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა და აი მაგის შემდეგ დადგნენ სააკაშვილი – ჟვანია – ბურჯანაძე ერთად, მანამდე არ მდგარან. დანარჩენებმა – შალვა ნათელაშვილმა, ახალმა მემარჯვენეებმა და სხვებმა შევარდნაძე „დამასტეს“ და ფაქტობრივად ჰარაკირი გაიკეთეს.

უპასუხისმგებლო არაპროფესიონალები არიან ჟურნალისტები, რომლებიც ისტორიას გიყალბებენ – ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები. ასე ხდება როცა პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და სამოქალაქო აქტივისტებს ერთი ხელი აფინანსებს, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები აქვთ – ისტორია და ფაქტები ყალბდება დამფინანსებლის სასარგებლოდ და საჯარო ინტერესი ზიანდება.

——–

ტოქსიკურია ყველა პროცესი, სადაც თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ ხდება.

ჩვენ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსი გვქონდეს და მაინც შევძლოთ თანამშრომლობა, თუ თამაშის წესებს არ ვარღვევთ. მაგრამ თუ საერთო თამაშის წესებით არ ვიმოქმედეთ – რომელზეც შევთანხმდებით, პროცესი განწირულია. თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ მოხდება ვერცერთ პროცესში, რომელიც ჩრდილიდან იმართება. თამაშის წესი უკვე დაირღვა, როდესაც სამი პარტია გაერთიანდა, დანარჩენები ფაქტის წინაშე დააყენეს და ვისაც კითხვები გაგვიჩნდა ამ პროცესთან – ერთიანობის დამრღვევებად გამოგვაცხადეს.

ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ამ პროცესში შეიძლება რაღაც იშოვოს – მაგალითად ფული. ვისაც დასაკარგი აქვს – მაგალითად ჩვენსავით, ამომრჩეველთან ნდობის აღდგენაზე მუშაობს – ფრთხილად იყავით, კაცმა არ იცის სად აღმოჩნდებით და რა მოუნდება თქვენს ჩრდილოვან მმართველს (ჩვენი გამოცდილება გაითვალისწინეთ) და როგორ შერცხვებით.

როდესაც 2003 წლის 2 ნოემბრის მსგავს უპირატესობას მოიპოვებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან – ივანიშვილის დამარცხების პროცესი დაიწყება და ამ პროცესში, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც სწორ პოზიციას დაიკავებს, იმიტომ რომ პროცესის მმართველი ბევრი ხალხი იქნება და ჩვენ შევეცდებით ფორმაში ვიყოთ, რომ იოლად, ფულის შანტაჟით არ გაგვწიონ პროცესიდან.

იქამდე – ტოქსიკურ გაერთიანებებს მოვერიდებით და მხოლოდ მათთან ვითანამშრომლებთ, ვინც ჩრდილიდან არ იმართება.

და კიდევ ერთი – ჩრდილოვან მართვაზე თანხმობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და არა რაღაც ყალბ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარის თქმა”- წერს ჩერგოლეიშვილი.