„ილონ მასკი რომ გაგიჟდეს და 10 მილიარდი დოლარი მაჩუქოს, მე ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფულის პატრონი ვიქნები!“ – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

„რასაც ახლა იაგო ხვიჩია ამბობს, ეს მე ვთქვი არაერთხელ, მათ შორის, ტელევიზიით: საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა არ არის, რადგან ოლიგარქია გულისხმობს “მცირე ჯგუფის მმართველობას”, – რამდენიმე ადამიანის მმართველობას!
საქართველოში როგორ იქნება ოლიგარქია, თუკი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ცახცახით გაურბიან საკუთარი სპონსორების დასახელებას?!
თან, იმ პირობებში, როცა ამ სპონსორებს ერთი პირი არ აქვთ და, პირიქით, ერთმანეთს უპირისპირდებიან?!
უფრო მეტიც: ოლიგარქია არ გულისხმობს ოდენ ბევრი ფულის მფლობელობას! მაგალითად, ილონ მასკი რომ გაგიჟდეს და 10 მილიარდი დოლარი მაჩუქოს, მე ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფულის პატრონი ვიქნები!
მაგრამ, ვიქნები ოლიგარქი?!
მე ვიქნები, უბრალოდ, მდიდარი ადამიანი!
მაგრამ თუ მილიარდერი მე, მილიარდერი ივანიშვილი, კიდევ ვიღაც “ასმილიონერები” შევქმნით ერთგვარ ფარულ სათათბიროს და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ რა თანამდებობა უნდა დაიკავოს და მათ ხელს შევუწყობთ, ეს იქნება ოლიგარქიული მმართველობა!
დღეს საქართველოში ოლიგარქია არ არის, რადგან დღეს საქართველოში ოლიგარქები არ გვყავს!
ჩვენისთანა მცირერიცხოვან და მცირე ეკონომიკის ქვეყანაში ოლიგარქია ვერ ჩამოყალიბდება!
მაგალითად, მსოფლიოში არიან მილიარდერი ქართველები.
წარმოიდგინეთ, რომ ყველა მათგანმა თავი მოიყარა საქართველოში. აი, მაშინ არამხოლოდ ოლიგარქიის საფრთხე, არამედ რეალური ოლიგარქია გვექნება!
უფრო მარტივად რომ ვთქვა, – საქართველოში დგას სავარძელი, რომელზე დაჯდომაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ოლიგარქიისთვის კი საჭირო იქნება, სულ მცირე, ორადგილიანი, სამადგილიანი ან, სულაც კუთხის დივანი, როგორც უკრაინაში ან რუსეთშია!
ზემოთ რამდენიმე მილიარდერის აქ თავმოყრა ვახსენე და ამასაც დავაზუსტებ: შვედეთშიც ნიდერლანდებშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, იტალიაშიც ბევრი მდიდარი ადამიანია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ ოლიგარქიული მმართველობაა, რადგან იქ პოლიტიკური კლასი არსებობს და მაღალი პოლიტიკური კულტურაა!
ჩვენ უაზროდ ხელების ქნევა კი არა, ხელების დაკაპიწება და მუშაობა გვჭირდება, რომ ასეთი გაურკვეველი და განტვინული პოლიტიკოსები არ გვყავდეს! ამისთვის კი აუცილებელია, სერიოზულად დავფიქრდეთ არჩევნების დროს გადაწყვეტილების მიღებისას!
ჰო, კიდევ ერთიც: განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკა დიდი ფულის შოვნის საშუალება არ არის, როგორც ჩვენთან, სადაც ოპოზიცია მმართველ პარტიასთან ოპონირების კი არა, მტრობის რეჟიმშია, ანდა სულაც მისი “აკლადჩიკია”!
ოლიგარქიაო…
ოლიგარქია კი არა ერთიგარქიაა საქართველოში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ (ესეც არაერთხელ მითქვამს!) ბიძინა ივანიშვილის თანასწორი ქველმოქმედი არ გვყავს: ყველა ჩვენებური მდიდრის ნაქველმოქმედარი ერთად რომ შეკრიბო, იმის მეათედიც არ გამოვა, რაც ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში!
ამიტომ ვამბობდი და ვამბობ: ბიძინა ივანიშვილს ვერსად გააქრობთ, რადგან ეს იქნება არა ერთი ადამიანის, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში ივანიშვილის ქველმოქმედების გაქრობის მცდელობა!
ეს კი არ გამოვა! არანაირად!
რადგან ეს ქველმოქმედება არის უზარმაზარი სოციალური რესურსი, რომელსაც ვერაფერს უპირისპირებენ ვერც ყოფილი ხელისუფლება და ვერც ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები!
ეს არის ფაქტორი!
და კიდევ: ბოლო ათმა წელიწადმა გვიჩვენა, რომ “ქართული ოცნების” საპირწონე პოლიტიკური ძალა ვერ შეიქმნა, – ძველებს, ანუ ნაცებს ხალხი სახადივით უფრთხის, ახალი კი ჯერაც არსად ჩანს!
აი, ეს კი სერიოზული საფრთხეა ქვეყნისთვის და, უპირველესად, ამაზე უნდა დავფიქრდეთ!
P. S. ტელედებატისას ერთმა ოპონენტმა, სხვათა შორის, პარლამენტის წევრმა, წამოიძახა, – სამი მილიარდი თუ დახარჯა, ათი იშოვაო! ჩემს შეკითხვაზე კი, – თუ ათი მილიარდი იშოვა, “ფორბსის” სიაში ეს რატომ არ ჩანს მეთქი, – ვერაფერი მიპასუხა.
აი, ამიტომ ვერ მოერევით ბიძინა ივანიშვილს!
ტყუილით ვერ მოერევით!
სიმართლე კი ის არის, რაც უკვე დავწერე!“