12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება.
ევროპარლამენტარების წერილს „ტვიტერის“ გვერდზე ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარე რასა იუკნევიჩიენე აქვეყნებს.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო. საქართველო მრავალი წელია, ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის დაფუძნებული.
ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. ევროპარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიას პატიმრობა, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია „რუსთავი-2“-ის დირექტორობის პერიოდთან. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს საქმე საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას ხაზს უსვამს. ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო ამწვავებს პოლარიზაციას. ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გამოიჩენთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში“,- აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში, რომელსაც ხელს აწერენ რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, ჯოზას ოლეკასი, მირიამ ლექსმანი, დეის მელბარდე, ანა ფოტიგა, ბერნადრ გუეტა, ანდრეი კოვაჩევი, აუშრა მალდეიკიენე, პიტერ პოლაკი, კარლო ფიდანზა და რაფაელ გლუკსმანი.