არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც ყველა თავის ნიშნით მეცენატია, უწოდო ოლიგარქი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ რეზოლუციაში მომზადებული შესწორებების შესახებ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარების მსგავსი განცხადებები, საზოგადოებაში მმართველი გუნდის საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.
„ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც ყველა თავის ნიშნით მეცენატია, უწოდო ოლიგარქი. ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ანუ ევროინტეგრაციის პროცესს ეჭვის ქვეშ აყენებს. დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას. ვფიქრობ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და არ არის ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება შეფასება მივცეთ. ეს შეხსენებები ხშირად უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო კურსი საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. კიდევ არის გარკვეული შესწორებები შეთავაზებული, რომელსაც ასევე ვერ უწოდებ უსაფუძვლოს, ალბათ უსაფუძვლო ყველაზე რბილი შეფასებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.