მარნეულში „ჯავახიშვილობა 2022“ აღინიშნა

მარნეულში „ჯავახიშვილობა 2022“ აღინიშნა. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, სოფელ წერაქვში ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მწერლის მუზეუმის ეზოში, წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე სპექტაკლი „ფრაგმენტები ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან“.

„ჯავახიშვილობა 2022“-ს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ. გაიხსენეს მისი შემოქმედება და მწერლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.