საბერძნეთში მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა, ინფლაციის გასაპროტესტებლად, საჯარო სექტორის ათასობით თანამშრომელმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა

საბერძნეთში ინფლაციისა და ფასების ზრდის გასაპროტესტებლად საჯარო სექტორის ათასობით თანამშრომელმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. დემონსტრაციები საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. როგორც მედია წერს, ათენსა და თესალონიკში მომიტინგეთა მცირე ჯგუფებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ცნობით, რამდენიმე მომიტინგემ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლა, რასაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.

საჯარო სექტორთან ერთად, გაფიცვას შეუერთდა კერძო სექტორის ნაწილი. ქვეყანაში 24 საათით დაიხურა საჯარო სკოლები, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი, მათ შორის ბორნები. ავიაკომპანიებმა კი, ათობით რეისი გააუქმეს. ზოგიერთ სახელწიფო საავადმყოფოს მუშაობა შეზღუდული რაოდენობის პერსონალით მოუწია.

ფასების ზრდის გამო, პროფკავშირებმა გაფიცვა გამოაცხადეს ბელგიაშიც, რის გამოც ბრიუსელის აეროპორტში გაუქმდა რეისების 60 პროცენტი, შეზღუდულად მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საყოველთაო გაფიცვა იგეგმება 10 ნოემბერს საფრანგეთშიც.