ჯო ბაიდენი რუსების ხერსონიდან გასვლაზე – ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსებს რეალური პრობლემები აქვთ – აშშ-მა იცოდა, რომ ამას გააკეთებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინის ქალაქ ხერსონიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის ბრძანება მისცეს მეტყველებს, რომ რუს სამხედროებს „რეალური პრობლემები“ აქვთ.

„საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის.

„მეორე: მინიმუმ ეს მიგვიყვანს დრომდე, როცა ყველამ უნდა გადახედოს თავის პოზიციებს ზამთრის პერიოდისთვის და გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, როდესაც სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა კომპრომისებს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელებზეა დამოკიდებული. „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”, – აღნიშნა ბაიდენმა.