გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი – ჯერ მხოლოდ ვიწყებ, კიდევ ვსწავლობ, თუმცა ჩემი პრიორიტეტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა.
9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის 33-ე წლისთავი აღინიშნება. ეს იყო „ცივი ომისა“ და ევროპის დაყოფის დასრულების სიმბოლო. ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი წლის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდნენ. ბერლინის კედლის დაცემის მნიშვნელობა და ისტორიის გაკვეთილები – ამ თემაზე საქართველოს პირველი არხი საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს ესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანელმა დიპლომატმა ისაუბრა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბძოლაში უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერაზე, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
– ბატონო ელჩო, ჩვენ აღვნიშნავთ ბერლინის კედლის დაცემის 33-ე წლისთავს. ბერლინის კედელი იყო ევროპის გაყოფის და „ცივი ომის“ სიმბოლო. როგორ ფიქრობთ, ისწავლა თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ ისტორიის გაკვეთილები?
ისტორიის გაკვეთილები ყოველთვის ხელახლაა სასწავლი. ბერლინის კედლის დაცემა იყო ნიშანი, რომ პოზიტიური მოვლენები შეიძლება მოხდეს ისტორიაში – „ცივი ომი“ დასრულდა და ამგვარად, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დასასრული. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ევროპაში დადგა ხანგრძლივი მშვიდობის ერა, ვფიქრობდით, რომ საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ევროპაში საკუთარი ნების სხვებისთვის ძალით თავს მოხვევის მცდელობების ერა დასრულდა. სამწუხაროდ, როგორც ახლა ვიცით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქმე ასე არ იყო. ჩვენ ვისწავლეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის, ევროპის დაყოფის შემდეგ რაღაც ძალიან პოზიტიური მოხდა, თუმცა შემდეგ, ჩვენ გარკვეულწილად ილუზიებში აღმოვჩნდით, რომ ამას მხოლოდ პოზიტიური მოვლენები მოჰყვებოდა. არსებობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ისტორია წრიულად თუ აღმა მოძრაობს. მე ვფიქრობ, რომ ის სპირალისებურად მოძრაობს, მოძრაობს წინ, პოზიტიური მიმართულებით, თუმცა არა პირდაპირ პოზიტიური მიმართულებით.
– მრავალი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ ახლა ევროპის ერთიანობა საფრთხის ქვეშაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ევროპა ერთიანობის ამ გამოცდის ჩაბარებას?
დიახ, ევროპას ერთიანობის მრავალი გამოცდა ჩაუბარებია. არაერთხელ უთქვამთ, რომ ევროპის ერთიანობა მალე დასრულდება, თუმცა 1957 წლის შემდეგ ის მხოლოდ გაძლიერდა. თქვენ მართალი ბრძანდებით, არის ევროპის ერთიანობის ხელყოფის მცდელობა, მაგალითად, ის ხორციელდება რუსეთის მიერ ე.წ. ჰიბრიდული ომის საშუალებით, ინტერნეტით და დეზინფორმაციით, თუმცა ერთი რამ, რაც პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა, არის ევროპელების სიმტკიცე და ნება, დაიცვან დემოკრატია, თავისუფლება, თითოეული ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ეს იყო პუტინის მიერ დაშვებული უხეში შეცდომა. სინამდვილეში, ევროკავშირი გაძლიერდა ჩვენი ცხოვრების წესზე ამ თავდასხმით.
– თქვენ ახსენეთ რუსეთის ზეწოლის ინსტრუმენტები და მისი ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტია ენერგომატარებლები. ზამთრის მოახლოებასთან , ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. იპოვის ევროპა გზას, რომ გადალახოს ეს ზამთარი?
დიახ, ჩვენ ვიპოვით გზას. რა თქმა უნდა, ენერგია, რომელსაც ვიყენებთ, დიდწილად წიაღისეულია. ჩვენ გვაქვს წიაღისეული ენერგორესურსების კრიზისი და ამ ზამთარს ენერგორესურსები იქნება ბევრად ძვირი, თუმცა ევროკავშირში, ინდივიადუალურმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია, შეიმუშავეს პროგრამები იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც ენერგიაზე გადასახადების გადახდა უჭირთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ ენერგიისთვის უფრო მეტი. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვამცირებთ რუსულ ნავთობსა და გაზს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ გავუმკლავდებით ამას. ეს იქნება ძვირი, ეს იქნება რთული, თუმცა ჩვენ გავუმკლავდებით, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დავაჩქარებთ წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას. 2045 წლისთვის გერმანია გეგმავს, რომ გახდეს კლიმატურად ნეიტრალური, ჩვენ ვაპირებთ სრულად ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას. ამას აქვს დიდი უპირატესობა, რადგან ეს წყაროები შეიძლება, იყოს შენს ქვეყანაში და ვერავინ შეძლებს შენზე ზეწოლას მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
– ბოლო კვირებში გერმანიამ გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება. ახლა უკრაინას აქვს საჰაერო თავდაცვის გერმანული სისტემა და ელოდებიან დამატებითაც. პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იმყოფებოდა კიევში და მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო. თუმცა, ომის დასაწყისში, ჩვენ ვხედავდით ერთგვარ ყოყმანს, თავშეკავებას გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების კუთხით. ამის გამო, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი გერმანიას აკრიტიკებდა კიდევაც. რა გახდა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილების მიზეზი?
ნება მომეცით, სამხედრო ასპექტზე ცოტა ხანში გადავიდე. უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის ასევე ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ჩვენ მივიღეთ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, უზრუნველვყავით საცხოვრებლით, ბავშვები სკოლით, სამედიცინო დახმარებით და ა.შ. ასე რომ, სამხედრო დახმარება არის მხოლოდ ერთი ნაწილი. თქვენ გამოიყენეთ სიტყვა „თავშეკავება“. გერმანიას აქვს აგრესიის, გენოციდის, ომების გაჩაღების საშინელი ისტორია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავშეკავება და სიფრთხილე სამხედრო ქმედებებში მოქმედების სწორი მიმართულებაა. კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ჩვენი საქმეა ომის შეკავება და არა მისი გაფართოება. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ რისკები დიდი სიფრთხილით. მართალია, რომ უკრაინის მოლოდინებთან შედარებით, შესაძლოა, გერმანიის რეაგირება იყო ოდნავ ნელი, მაგრამ ამავე დროს, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ უკრაინას აღმოვუჩინეთ ძალიან დიდი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ყველაზე ეფექტიანი იარაღით, საჰაერო თავდაცვის ჩათვლით. ჩვენ დავპირდით, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არ მოხდება ცალკე, არამედ ყოველთვის კონსულტაციებით და როგორც მოკავშირეთა ერთიანი ძალისხმევის ნაწილი. ამგვარად, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მუშაობენ ერთად და აწვდიან მას იმ შეიარაღებას, რომელიც სჭირდება თავდაცვისთვის.
– თქვენ ისაუბრეთ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე. მინდა, გკითხოთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე. სექტემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას დაპირდა. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ იმ გზების შესახებ, რომლებითაც გერმანიას შეუძლია, ჩაერთოს საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონცეფციას, იდეას და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამი მოთხოვნა. პირველი არის ევროკავშირის მიზნების და ღირებულებების მხარდაჭერა, მეორე არის მდგრადი პლურალისტული დემოკრატია და მესამე – ისეთი ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის შიდა ბაზრის კონკურენციას. ჩვენ დავუჭერთ და ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ სამივე სფეროში. ჩვენ გვაქვს მრავალი პროგრამა, სადაც ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლიტიკურ ასპექტზე, იქნება ეს ადმინისტრაციული, სასამართლო თუ ადამიანის უფლებების ასპექტი. მსურს, ხაზი გავუსვა ეკონომიკურ ნაწილს. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის, პროფესიული უნარების განვითარების, აკადემიური მომზადების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და სხვა კუთხით თანამშრომლობის დიდი პორტფელი. საერთო ჯამში, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მხარდაჭერისკენ.
– ბატონო ელჩო, ჩვენ გვესმის, რომ გზა ევროკავშირისკენ არის საკმაოდ ხანგრძლივი და კანდიდატის სტატუსის მიღება ამ პროცესში ერთ-ერთი ნაბიჯია. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ამ სტატუსზე უარი ეთქვა. თქვენი აზრით, რატომ ვერ მიიღო საქართველომ სტატუსი?
მე არ გავჩერდები ამ დიფერენცირებაზე. ვფიქრობ, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ეროპულმა საბჭომ საქართველოს შესთავაზა, არის ძალიან დიდი და იღბლიანი რამ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის, გერმანელებისთვის არ ყოფილა იმაზე დიდი წარმატება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და თავისუფლების საფუძველი. ახლა საქართველოს აქვს ეს შესაძლებლობა. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან ნათელია, აქ არაფერია იდუმალი. თუ ვინ გაწევრიანდება ევროკავშირში პირველი, ამას ისტორია გვაჩვენებს, ახლა ამას ვერ ვიტყვით. გაწევრიანებისთვის ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობის, რეგულაციების, სტანდარტების სრული ნაკრები და ეს არის დიდი ამოცანა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, განათების ხარისხს, წყლის ნორმებს, სხვა გარემოსდაცვით კანონებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და ა.შ. ჩემი რჩევაა, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებზე, კონკრეტული პროექტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებაზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის ამზადებს. ეს წევრობა საქართველოს ევროკავშირმა შესთავაზა და ევროკავშირს სურს. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენი ოჯახი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე. ასე რომ, მოდით, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ პრაქტიკულ სამუშაოზე. ეს არის დიდი მოცულობის სამუშაო, თუმცა მისი შესრულება შესაძლებელია და შესრულდება.
– ახლა საქართველოს შესასრულებელი აქვს საშინაო სამუშაო, ვგულისხმობ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემები მათი შესრულების პროცესში და არის თუ არა რამე პროგრესი?
ვფიქრობ, ეს 12 რეკომენდაცია ცნობილია, ისინი ძირითადად ეხება მდგრადი პლურალისტური დემოკრატიის ასპექტს. საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური პროგრამა, წლის ბოლოსთვის წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც 12-ივე რეკომენდაციას უპასუხებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ ამას. არის ორი ასპექტი – ერთი არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. შემდეგ კი იქნება შედეგები, ჩვენ ვნახავთ, რა კანონმდებლობა დამტკიცდება. თუმცა, ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ როგორც გუნდი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ საქართველოსაც სურს ეს და მე ვფიქრობ, რომ მას სურს, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.
– 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში, გერმანიის მთავრობამ არაერთი პროექტი განახორციელა საქართველოში და ახლაც ახორციელებს. როგორ ფიქრობთ, რომელი სექტორია მხარდაჭერაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
მინდა, ყურადღება გავამახვილო ეკონომიკურ ნაწილზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილებს, შემოსავალს, გაზრდილ კვალიფიკაციას მრავალი რამ უკავშირდება და აქედან ბევრი რამ გამომდინარეობს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნარების განვითარების, პროფესიული ტრენინგების კუთხით ქართველების მოსამზადებლად, რომ მათ ჰქონდეთ კარგი სამუშაო ადგილები. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ზრდასრულთა სწავლების 14 ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ისწავლონ ელექტროობა, დურგლობა, შედუღება, ბუღალტერია. ეს ცენტრები შექმნილია იმ ზრდასრულებისთვის, რომლებმაც უკვე დაასრულეს სკოლა, მაგრამ სურთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, რომ ჰქონდეთ სამუშაო. გვაქვს პროფესიული სწავლება, სადაც ვამზადებთ ტრენერებს, რათა მოვამზადოთ ახალგაზრდები. ჩვენ გვყავს ბევრი გაცვლითი სტუდენტი, ჩვენ ბევრს ვასწავლით გერმანულს, რათა ქართველებმა ისწავლონ გერმანული და შესაძლოა, წავიდნენ გერმანიაში ტრენინგზე ან უნივერსიტეტში, დაბრუნდნენ და ჩამოიტანონ ეს უნარები თქვენს სამშობლოში. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ სხვა სფეროების ფართო სპექტრში, მაგალითად, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა, ენერგოეფექტურობა და ბუნების დაცვა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ეკონომიკური ბირთვი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს აყვავებული, ქართველს ჰქონდეს კვალიფიციური სამუშაო ადგილები, კარგი შემოსავალი, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
– თქვენ საქართველოში ორ თვეზე მეტია, მუშაობთ. რა არის მთავარი მიზნები და პრიორიტეტები, რომლებიც დაისახეთ როგორც ელჩმა?
თქვენ თქვით ორ თვეზე მეტი და ეს ჟღერს, როგორც ხანგრძლივი დრო, სინამდვილეში კი, ეს ძალიან მოკლე პერიოდია. ჯერ მხოლოდ ვიწყებ და ჯერ კიდევ ვსწავლობ, თუმცა ჩემი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირისკენ, ევროკავშირში მიმავალი გზის მხარდაჭერა და იმ სფეროების მოძებნა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ სრულიად ახალ ვითარებაში ვართ – ყველაფერი ეხება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.
წყარო: 1tv.ge