სკანდინავიელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებიდან წამყვან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს. ინფო-ტური ავიაკომპანია “AirBaltic”-ის თანაორგანიზებით იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

„სკანდინავიის ქვეყნებიდან გვესტუმრნენ წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რაც ვფიქრობ გამოადგება როგორც ტურისტულ კომპანიებს, ასევე სასტუმრო ინდუსტრიას. ეს ტური ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას სკანდინავიის ქვეყნებში,“-აცხადებს სასტუმრო მერკურისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელი მაკა ცხომელიძე.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. სკანდინავიური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და სურთ თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან. ისინი გაეცნენ მათ შეთავაზებებს და ტურისტულ პროდუქტს. ტურისტულ კომპანიებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობა და ავია კავშირები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას“,-ამბობს იან ნიჰოლმი, ავიაკომპანიის “Air Baltic” გაყიდვების მენეჯერი სკანდინავიის ქვეყნებში.

სკანდინავიური ტურისტული კომპანიების 16 წარმომადგენელი თბილისს, თელავს, წინანდალს, ალავერდსა და ახმეტას ეწვია. ტურ-ოპერატორები ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს გაეცნენ, სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კერძების მასტერკლასი.

ინფო-ტურის მიზანია სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და მაღალმხარჯველიან ვიზიტორთა მოზიდვა.