რუსული მედიის ცნობით, რუსეთის რკინიგზა სთხოვს ყაზახეთს, შეამციროს ტვირთების სატრანზიტო გადასახადი

რუსეთის რკინიგზა სთხოვს ყაზახეთს, შეამციროს ტვირთების სატრანზიტო გადასახადი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს. რუსეთს ყაზახეთის გავლით ძირითადად მარცვლეული ჩააქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ჩინეთში.

რუსი ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის რკინიგზამ ყაზახ კოლეგებს სატრანზიტო ტარიფის შემცირება ჯერ კიდევ სექტემბერში შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„რუსეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის გადაზიდვა გაცილებით იაფია, ვიდრე ყაზახეთში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ტარიფი მიბმულია შვეიცარიული ფრანკის კურსთან“, – ნათქვამია სტატიაში.

მაღალი სატრანზიტო ტარიფის გამო, რუსული მარცვლული უკვე არ მიეწოდება უზბეკეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთსა და ჩინეთს, სირთულეები არის ავღანეთში ექსპორტთან დაკავშირებითაც.

„ფაქტობრივად, რუსეთისთვის მარცვლეულის მასშტაბური გადაზიდვა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბლოკირებულია, ისევე როგორც ყაზახეთის გავლით ტრანზიტი ჩინეთში“, – აცხადებს რუსეთის მარცვლეულის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ალექსნადრ კორბუტი.

როგორც რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, ყაზახეთის გავლით ტრანზიტი რუსეთს სჭირდება, რადგან ბევრ ქვეყანას სანქციები აქვს დაწესებული.