სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ენმ საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს. “ვითომ სიცოცხლეს” სიკვდილი ჯობდა, გვირგვინს მაინც დავდებთ. თან გვეცოდინება, რომ მზისქვეშეთში ადგილი განთავისუფლდა. – ამის შესახებ ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.
“სავალალო ის არის, რომ აუცილებელი არ იყო, ასე მომხდარიყო. ჭრილობაზე მარილი რომ არ ვაყარო, მკვლელებს არ ჩამოვთვლი, თუმცა ვისაც მელია მკვლელი გონია, ცდება. მელია ძველი მეგრული ქელეხის თამადა იყო, მკვდარი სუფრასთან ჰყავდა და უბერავდაააა… რა ენაღვლებოდა? დოლ-გარმონი უკვე შეკვეთილი იყო, სუფრაც – გაშლილი.
უფრო სავალალო ისაა, რომ მკვდარი ენმ-ს ადგილზე ახალიც ვერაფერი ამოვა. შეიძლებოდა, ამოსულიყო, თუმცა ეს პირადად მიშამ არ დაუშვა. მან ვერ აღიქვა პარტიის დიდი ხნის წინ გარდაცვალების ფაქტი. ვერ, ან – არ. საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალიც მკვდარს გაანიავებინა და ვერ აღიქვა ეს მანამ, სანამ თავად ფიზიკურად არ დადგა დღევანდელი სავალალო რეალობის წინაშე.
ეს უდიდესი შეცდომაა, არც ვიცი, როგორ უნდა დაუშვას მიშასნაირმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი კატასტროფა, მაგრამ ლაპარაკი გვიანია… აღარც აზრი აქვს. მკვდარი მკვდარია. გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად.
ასეა თუ ისე, ადგილი ცარიელი არ დარჩება. ცოცხალ-მკვდარი ენმ-ს საბოლოო სიკვდილი კი “ქოცნების” სიკვდილს მხოლოდ დააჩქარებს. მთავარიც ესაა.” – წერს ანდრო ბარნოვი.