აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს ხვდება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს ხვდება.

როგორც CNN-ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა აშშ-ის ძალისხმევის ნაწილია, რომ რისკების მართვის შესახებ რუსეთთან კომუნიკაცია იქონიოს და განიხილოს “უსამართლოდ დაპატიმრებული აშშ-ის მოქალაქეების” საქმეები.

პრესსპიკერის თქმით, აშშ-ს აქვს საკომუნიკაციო არხები რუსეთთან რისკების მართვის, განსაკუთრებით კი ბირთვული რისკისა და სტრატეგიული სტაბილურობის რისკების შესახებ.

მისივე თქმითვე, ბერნსი რუს კოლეგასთან არ აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებებს.