„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განაცხადებით, სენატორები, რომლებიც დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საუბრობდნენ, წლებია, საქართველოს მხარდამჭერები არიან.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად, ქვეყნის მომავლისთვის მათი მხარდაჭერა გადამწყვეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატი პრეზიდენტთან ერთად, არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი აქტორი. მათ შორის ის სენატორები, რომლებიც მოსმენაზე საუბრობდნენ, მრავალი წელია, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები არიან. მათი მხარდაჭერა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად, ნატო-ში მომავლისთვის და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების დასაცავად. როდესაც მათ თავს ესხმის „ქართული ოცნება“, თავს ესხმის არა ამერიკელ სენატორებს, არამედ საკუთარ სახელმწიფოს და ქვეყნის თავისუფლებას. ყველას გვესმის, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტად და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად იმ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ცხოვრება გვიწევს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა სამადაშვილს სთხოვეს, შეეფასებინა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „აშშ-დან ძირითადი დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის და დაფინანსდებიან თუ არა ისინი, ამაზე თავად არასამთავრობოებმა უნდა ინერვიულონ“.
სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე ღიად და აშკარად თავს ესხმის სტრატეგიულ მოკავშირეებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს გასული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. აქედან ძალიან დიდი ნაწილი დახარჯულია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. დიდი ნაწილი დახარჯულია ეკონომიკურ პროექტებზე. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამერიკის დახმარების გარეშე ალბათ ჩვენს სახელმწიფოს აქამდე მოღწევა გაუჭირდებოდა. კობახიძე ღიად და აშკარად თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. შეიძლება, ის არ ხმარობს უცენზურო სიტყვებს, როგორც მისი თანაპარტიელი ზარქუა, მაგრამ შინაარსობრივად კობახიძისა და ზარქუას პოლიტიკურ განწყობაში არანაირი განსხვავება არ არის. მთლიანად „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებულია როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული პოლიტიკური ძალა. სენატში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მათ განცხადებებს სწორედ ასე ვკითხულობ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.