ამის შესახებ მოწმობს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), რომელიც სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ესაუბრა.
„აქამდე, ვთქვათ, პირადად მე ავდიოდი აღდგომის ტაძართან, მაგრამ სხვა სასულიერო პირები ვერ ადიოდნენ. შეიცვალა ის, რომ აღდგომის ტაძართან, რომელიც არის დაახლოებით მოშორებული უდაბნოს მონასტრიდან 100 მეტრით, ცალკე გორაკზე დგას, იქ სასულიერო პირი უკვე მივა, მაგრამ უდაბნოს მონასტერი, როგორც დაკეტილი იყო მთლიანად, ისეა დაკეტილი დღესაც. ამ მხრივ რეალობა არ შეცვლილა. ჩიჩხიტურზე საერთოდ, საუბარიც არ არის. თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, მივიდეს და წამოვიდეს. მაგალითად, დასავლეთ კედელს თვლიან, რომ თავის მხარეზეა და დასავლეთ კედელთან წრეს ვერ შემოვუვლით ტაძარს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯის სამონასტრო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძართან მისვლა შეეძლებოდათ.
„ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი. მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის ტაძართან ხდება სასულიერო პირების მისვლა“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა სააგენტოსთან საუბარში.
ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.