გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლობის ხარისხი მხარდაჭერილია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ

ყველაფერი კეთდება, რომ ყურადღება გადავიტანოთ „ევროპის სახალხო პარტიის“ უტიფარ რეზოლუციაზე, რომელიც მოუწოდებს დასავლეთის სამყაროს, როგორმე საქართველო დააზიანონ, იმის ნაცვლად, რომ ეს ერთგული მოკავშირე გამოიყენონ, თუნდაც ალტერნატიული დერეფნის რესურსის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა, მავნებლობის ხარისხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს, სახალხო პარტიის მიერ მხარდაჭერილია.

„ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანების უფლებების წარმოუდგენელი მასშტაბით შელახვის პროცესში, იქნებოდა ეს ადამიანთა წამება, სიცოცხლის თუ ქონების წართმევა, არ შეიძლება ლაპარაკობდნენ, რაიმე ევროპულ ფასეულობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, „ნაციონალური მოძრაობის“ დედობილი პარტია დებს რეზოლუციაში ისეთ ფორმულირებებს, რომლებიც პირდაპირ უტევს საქართველოს ინტერესებს. აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე არ არის ლაპარაკი, საუბარია, რომ დასანქცირდეს ყველაფერი, რაც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროექტებს, განათლების სფეროში სისტემის განვითარების საკითხებს, გარემოს დაცვასა და უამრავ სხვა საქველმოქმედო პროგრამას, რომელსაც „ქართუ“ აწარმოებდა, ვიდრე „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, დღეს აწარმოებს და მოწოდებულია, ქვეყანას ხვალაც ყველაფერი გაუკეთოს, რაც ხელეწიფება ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას და ბიძინა ივანიშვილს. შეტევა ამაზე მიდის, ვინც ვერ ხედავს, რომ საქართველოს მორყევა აქვს მხედველობაში და არა ბიძინა ივანიშვილის პიროვნული დაზიანება, ან სააკაშვილის გადარჩენა, რომელმაც ბოროტება დათესა და დღეს სასჯელს მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იხდის, რასაკვირველია, ვალდებულები ვართ, ის ადამიანები მეტად ჩავახედოთ იმ პროცესების სიღრმეში, რომელიც მიმდინარეობს.

მსოფლიოში მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედვით გვეგონოს. დაპირისპირების ხარისხი, ომისგან გამოწვეული საფრთხეები საქართველოს მიმართ არის თვალხილული და ყველაფერი კეთდება, რომ ყურადღება როგორმე გადავიტანოთ EPP-ის ამ ხეპრულ, უტიფარ რეზოლუციაზე, რომელიც მოუწოდებს დასავლეთის სამყაროს, როგორმე საქართველო დააზიანონ, იმის ნაცვლად, რომ ეს ერთგული მოკავშირე გამოიყენონ ამ ვითარებაში, თუნდაც ალტერნატიული დერეფნის რესურსის თვალსაზრისით. მავნებლობის ეს ხარისხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს აქტიურად მხარდაჭერილია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ დედობილი პარტია და რომლისგანაც არ უნდა მოველოდეთ არანაირ პოზიტიურ დამოკიდებულებას, თუნდაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხების მიმართ. რევოლუცია, გადატრიალება, მეორე ფრონტის გახსნა არის თემები და ეს რომ აღსრულდეს, რა საკვირველია, უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ამას ემსახურება მთელი „ნაცმოძრაობა“ და მისი მფარველი ევროპის სახალხო პარტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.