უყრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხალხმა უნდა განიხილოს ქვეყნის დატოვება, რათა შეამციროს მოთხოვნა ქვეყნის ელექტრო ქსელზე.
“თუ ისინი იპოვიან ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს კიდევ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ეს ძალიან სასარგებლო იქნება სისტემისთვის”, – განუცხადა BBC-ს DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ ტიმჩენკომ.
ზამთრისთვის ტემპერატურის ვარდნის გამო მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ელექტროენერგიის გათიშვა – როგორც დაგეგმილი, ასევე დაუგეგმავი – ჩვეულებრივი მოვლენა გახდა უკრაინის ბევრ ნაწილში, რადგან რუსეთი რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მონაკვეთებზე.
რამდენიმე დასავლელმა ლიდერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია.
ტიმჩენკო, რომლის კომპანიაც აწვდის უკრაინის ელექტროენერგიის მეოთხედზე მეტს, ამბობს, რომ სისტემა ნაკლებად სანდო ხდება რუსეთის ყოველი თავდასხმის დროს და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არის გასაღები მისი მუშაობის შესანარჩუნებლად.
მთავრობამ მოუწოდა ხალხს, შეზღუდონ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა ღუმელები და სარეცხი მანქანები.
მაგრამ დაზიანებული ელექტრო ქსელი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს საკმარის ელექტროენერგიას მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ მოხმარების შემცირების ნებისმიერი გზა, მათ შორის ქვეყნიდან გასვლა, უნდა განიხილებოდეს, როგორც დახმარება უკრაინას რუსეთთან ომის მოგებაში, განმარტა ტიმჩენკომ.
“თუ ნაკლებს მოიხმართ, მაშინ დაჭრილ ჯარისკაცებს საავადმყოფოებში ექნებათ გარანტირებული ენერგომომარაგება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები მოხმარებით, ან წასვლით ისინი ხელს უწყობენ სხვა ადამიანებსაც”.
იმის გამო, რომ უკრაინის ნაწილებში ტემპერატურა უკვე 0-ზე დაბალია, არსებობს შიში, რომ მილიონობით ადამიანი დარჩება ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე მთელი ზამთრის განმავლობაში.
აქამდე, გათიშვა, როგორც წესი, რამდენიმე საათით შემოიფარგლებოდა, მაგრამ რუსეთის ახალმა თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის ხანგრძლივი პერიოდი. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება ასევე სულ უფრო რთული ხდება.
“სამწუხაროდ, ჩვენ ამოგვეწურა აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები… ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, სახელმწიფო მოხელეებს, კომპანიებსა და აღჭურვილობის მწარმოებლებს, რათა დაგვეხმარონ არსებული აღჭურვილობის სასწრაფო მიწოდებაში”, – თქვა ტიმჩენკომ.
ასევე პრობლემას უქმნის რუსეთის ისტორიული კავშირები უკრაინასთან, მათ შორის მისი ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში.
“ისინი კოლეგები იყვნენ, ახლა კი მტრები არიან”, – თქვა ტიმჩენკომ. “ისინი მთელ ამ ცოდნას აწვდიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ამზადებენ მათ, ადგენენ ძალიან კონკრეტულ მიზნებს, იცნობენ ჩვენი ქსელის ან ელექტროსადგურების დიდ ნაწილს”.
თუმცა, სირთულეების მიუხედავად, უკრაინელი ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას ქვეყნის ყველაზე საშიშ მხარეებში, რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს.