ჯანეზაშვილი: მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ცხოვრება მინდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, თუნდაც ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ხელი ჩაიქნიო

ამის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ჟურნალისტებმა დამირეკეს კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით და ამიტომ ვფიქრობ პოსტით გამოვეხმაურო.

 

ამ ბოლო პერიოდში 10-ზე მეტმა დეპუტატმა, მათ შორის მინისტრმა წულუკიანმა ისაუბრა ჩემზე, ცხადია კარგი არაფერი უთქვამთ. რასაც 4 წელი ვისმენდი, იგივე გაიმეორეს, არაფერი ახალი. წინადადებების წყობაც კი იგივეა. სიმართლე, რომ ვთქვა ვერ ვიფიქრებდი, მათთვის ჩემი არმისვლა ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა.

ამის პარალელურად, ბოლო დროს ჩემს ტელეფონში, ფეისბუქში, კომპიუტერში – ყველა საკომუნიკაციო ტექნიკაში, რაღაც ხდება. ღამით მომდის მესიჯები, რომ სხვა ბრაუზერიდან, ან დივაისიდან ცდილობს ვიღაც შესვლას, და კიდევ ბევრი ნიუანსია, რაც ყურადღებას იქცევს. როგორც ჩანს ვიღაცები ზედმეტად დაინტერესდნენ ჩემი კომუნიკაციით.

ცოტა შორიდან რომ დავიწყო – ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარე ბოლო ერთ წელში. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, მალე ვიპოვე ძალა, რომ გამეგრძელებინა ჩვეულებრივი ცხოვრება. ახალი ენერგიით და მეტი შემართებით. ვისაც ყოველდღიური შეხება ჰქონდა და აქვს ჩემთან, ამ ადამიანებს დიდი მადლობა ეკუთვნით ჩემგან.

ხო, თან ამას წინ უძღოდა 4-წლიანი წარმოუდგენლად ინტენსიური სტრესული პერიოდი. ამით იმაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ მაინცდამაინც დასვენებული და დალხენილი არ შევხვედრივარ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს.

ბრძოლის გარეშე რომ მოვიდნენ აქამდე და პატარა დაბრკოლებაც რომ არ შეხვედრიათ, ალბათ ამიტომაა, რომ თუნდაც კანდიდატის გასაუბრებაზე არმოსვლაზე ასე ირაციონალურად მწვავედ რეაგირებენ.

ალბათ ვერც კი წარმოუდგენიათ ამ ადამიანებს, თუ რამდენად 0 მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მათ განცხადებებს და კომენტარებს ჩემ შესახებ.

 

მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ცხოვრება მინდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, თუნდაც ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ხელი ჩაიქნიო და ერთ მშვენიერ დღეს, შვილების მომავლის გამო მაინც, ადგე და გაიქცე.

ცხოვრება მშვენიერია, ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ძალიან კარგი საქმის კეთების შესაძლებლობს მაქვს.