სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო

სიცრუეა ის, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტს შეაფასა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში აშშ-ის მხრიდან დახმარება სერიოზული და ბევრად უფრო მაღალ დონეზეა.

„ერთმა ჯგუფმა კონგრესმენების შეიტანა რეზოლუცია, მაგრამ სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა. მითუმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სერიოზულია და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა ასული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რასაც აშშ გვიწევს, მათ შორის კონგრესმენების გადაწყვეტილებების საფუძველზე”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.

დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

 

 

“ინტერპრესნიუსი”