თამარ გაბუნია – ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციაა, 1968 წლის შემდეგ მასობრივი გავრცელება არსად ყოფილა, განგაშის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ გაბუნიამ ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის ვირუსის მასობრივ გავრცელებაზე ინფორმაცია არასწორია.
მისივე თქმით, ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსის მართვა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვეულებრივ ბინაზეა შესაძლებელი. თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსი მეტად საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
„რაც შეეხება ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ვირუსის დასახელება ისტორიულია. ვირუსი ეპიდემიის სახით 1968 წელს იყო გავრცელებული. მას შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად ყოფილა. ეს არის ვირუსი, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არ ახლავს. ბავშვს თუ აქვს სიცხე, უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და მშობელმა ჩვეულებრივად მართოს ეს დაავადება. ვირუსები საყურადღებოა უფრო იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
თავის დაცვისთვის რეკომენდაციები ისევ არის ხელის ჰიგიენა, დისტანცია. ბავშვი თუ არის ავად, სკოლაში არ გაუშვათ. განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია, რათა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და მართოს ბინაზე. თანხმლები დაავადება თუ არ აქვს, ჰოსპიტალში გადაყვანა ბავშვისთვის მეტი სტრესია, ამიტომ სჯობს, ოჯახის ექიმმა ბავშვი მართოს ბინაზე“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
წყარო: 1tv.ge