ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, 17 წლის ე.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შესახებ. პროკურორის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ე.ც.- მ დანაშაულის ის ნაწილი აღიარა, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებას შეეხებოდა.
ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა.
20 ნოემბერს ზუგდიდში არასრულწლოვანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.