ძალიან სასაცილო იყო პაპუაშვილის განცხადება იმ ნაწილში, რომ კრამერის განცხადება “ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაა”- ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან სასაცილო იყო პაპუაშვილის განცხადება იმ ნაწილში, რომ კრამერის განცხადება “ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაა”.
კრამერი ამბობს, რომ სანქციები უნდა შეეხოს იმას, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს.
თუ პაპუაშვილი თვლის, რომ ეს ხელისუფლებაზე თავდასხმაა, ამით ადასტურებს, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს….
აბა არაო?!…”
ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „ამჟამად, სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“.
„ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ესაა აქსიომა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანისა. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ვისი ინტერესები იდგა ამის უკან?, – პაპუაშვილი პასუხობს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და სანაცვლოდ სურთ ხელისუფლების დასუსტება.