ის კრიტერიუმები მოვამზადეთ, რაც არის ყველასთვის, ევროკომისარმა თქვა, რომ ოლიგარქი ერთი და იგივეა რუსეთშიც, უკრაინაშიც და სხვაგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონი სამარცხვინოა.
ამასთან, როგორც ზარქუამ აღნიშნა, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები არსებობს, ევროკავშირი ადასტურებს, რომ უკრაინულ მოდელზე მუშაობა მიდის, ამერიკის ელჩი კი ამბობს, რომ გამოიწვიეს.
„12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხის მისწრაფებების შესაბამისია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. ინტერპრეტაციების გამოსარიცხად უკრაინული მოდელი ავიღეთ, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო ევროპის მაღალჩინოსნების მხრიდან. კონკრეტული გვარები ვიცით, ვინც კანონს ხოტბა შეასხეს, მაგარი კანონია და მის აღსრულებას ველოდებითო. უკრაინული კანონი ერთი-ერთში გადმოვიღეთ, მათ შორის აღსრულების ნაწილიც. ჩვენ ის კრიტერიუმები მოვამზადეთ, რაც არის ყველასთვის და რაც ევროკომისარმა თქვა, რომ ოლიგარქი რუსეთშიც, უკრაინაშიც და სხვაგან ერთი და იგივეა, ჩარჩო უნდა შეიქმნას და მასში ვინც მოხვდება, იქნება ოლიგარქის სტატუსის მატარებელი. ოპოზიცია როგორც კი მიხვდა, რომ ეს კანონი მათ დამფინანსებლებს ოლიგარქად გაამწესებს, მაშინვე დაიწყო ობსტრუქცია, მაგიდის აყირავება. მათ მიერ შემუშავებული კანონი სამარცხვინოა, ეს არის ოლიგარქების დაკანონების მცდელობა. ჩემთვის გაუგებარი იყო ამერიკის ელჩის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი გაიწვიეს ვენეციის კომისიისგან. გადამოწმდა და ითქვა, რომ პროცესი არ გაჩერებულა, მიდის მუშაობა. მოდით, გავერკვეთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გადაგზავნა პრობლემა არ არის, ჯერ უნდა გავერკვეთ, საქმე რასთან გვაქვს. ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ჩნდება, ევროკავშირი ადასტურებს, რომ უკრაინულ მოდელზე მუშაობა მიდის, ამერიკის ელჩი კი ამბობს, რომ გამოიწვიეს“, – განაცხადა ზარქუამ.