საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალი ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.
„ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე სასწრაფო საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი დახმარება. ასევე შეხვდებით ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი არის რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით. ასე რომ, შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვის უნარი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ალიანსი გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას.
„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება და ის ამას უფრო მეტი სისასტიკით პასუხობს — ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული სარაკეტო იერიშების ტალღებით, უკრაინელებს ართმევს სითბოს, სინათლეს და საკვებს. უკრაინისთვის ეს ზამთრის საშინელი დასაწყისია. ეს ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად.
დიახ, ჩვენ ყველანი ვიხდით საფასურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის. მაგრამ საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფული, მაშინ როცა უკრაინელები იხდიან სისხლით. და თუ პუტინს გავამარჯვებინებთ, ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად დიდ საფასურს მომავალი წლების განმავლობაში. პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები თუ დაინახავენ, რომ ძალის გამოყენება დაჯილდოებულია, ისინი კვლავ გამოიყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ჩვენს სამყაროს უფრო საშიშს გახდის, ყველა ჩვენგანი კი უფრო დაუცველი იქნება. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.