ლევან იოსელიანი – სააკაშვილს არ ვთვლი პოლიტპატიმრად, თუმცა მხარს დავუჭერდი მის საზღვარგარეთ გადაყვანას, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აღწერს.
შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებას – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.
„ზოგადად, მე არ მომწონს არავის ციხეში ჯდომა, ვინც არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები არიან ციხეში და შემდეგ ამის გარშემო არის განუწყვეტელი აჟიოტაჟი. ეს ფარავს ყველა სხვა თემას, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვანი.
ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითიც არის დაკავებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყოს დღეს იმ ბრალდებისთვის, რაც აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იცით, რომ მე არ ვთვლი მას პოლიტპატიმრად. პრეზიდენტობის პერიოდში მას ჩადენილი აქვს დანაშაულები და, მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არის იმდაგვარი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღწერს, თუ ეს მართალია, რომ მისი საქართველოში გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ, ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერდი” – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება 24 ნოემბერს გააკეთა. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
წყარო: 1tv.ge