Reuters: Boeing-მა პენტაგონს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება შესთავაზა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი Boeing Corporation-ის წინადადებას განიხილავს უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის, ზუსტი მართვადი ბომბების მიწოდებაზე. ამის შესახებ Reuters, თავდაცვის ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ასეთი საბრძოლო მასალის დაყენება შესაძლებელია ამერიკულ რაკეტებზე. ეს კიევს საშუალებას მისცემს რუსეთის მომარაგების ხაზები დაბომბოს ღრმა ზურგში.

Reuters აღნიშნავს, რომ Boeing-ის შემოთავაზებული სისტემები, “მიწიდან გაშვებული მცირე დიამეტრის ბომბი” (GLSDB), არის რამდენიმე პროექტიდან ერთ-ერთი უკრაინისა და აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის ახალი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

GLSDB აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) M26 სარაკეტო ძრავასთან. ამერიკას ორივე მათგანის უზარმაზარი მარაგები აქვს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, მათი მიწოდება შეიძლება 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

ერთი ასეთი ჭურვის ღირებულება დაახლოებით 40 000 აშშ დოლარია. სააგენტო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა კიევის მოთხოვნაზე ATACMS-ის რაკეტების გადაცემაზე (მოქმედების მანძილი – 297 კმ), GLSDB-ის მოქმედების მანძილი 94 მილი (150 კმ) უკრაინას საშუალებას მისცემს რუსეთის არმიის ზურგში არსებული სამხედრო ობიექტები დაბომბოს, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო.