საარჩევნო სტრატეგია, დღის წესრიგი და საარჩევნო სია – ამ თემების განსახილველად დღეს პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” წევრები მორიგ შეხვედრას მართავენ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ არ ადასტურებენ ინფორმაციას გაერთიანების შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.
“ძალა ერთობაშიას” ბრენდი არის “ნაციონალური მოძრაობის” შექმნილი და ბუნებრივია გასვლაზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს. მეტიც, ჩვენ ველით ამ ფორმატის კიდევ უფრო გაფართოებას და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შემოერთებას,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ ოპოზიციას დატოვებს, თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესთან ერთად ბლოკი შექმნას.
“მოსალოდნელია, რომ ჩემი და გიორგი ვაშაძის გაერთიანება იხილოთ. ველოდები “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას. თუ ისინი გადაწყვეტენ რომ გადიან “ძალა ერთობიდან”, რაც უკვე შემოგვითვალეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე ვერავის შემკავებელი ვერ ვიქნები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამაზე კვლავ მიმდინარეობს “ძალა ერთობაშიას” კოლეგებთან კონსულტაციები. მათ გარეშე ეს ყველაფერი არ გადაწყდება,”- აღნიშნა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.
კოალიციურ საპარლამენტო სიაში ყოფნას ადასტურებს “სახელმწიფო ხალხისთვის”.
“გაიმართება გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სხდომა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებებს მიმდინარე გადაწყვეტილელბებთან დაკავშირებით. იქნება მსჯელობა საარჩევნო სტრატეგიებთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში იქნება გაერთიანებული ოპოზიციის სია, სადაც დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ იქნებიან მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”ლიდერებიც. ასევე მინდა, ვთქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლება,”- აღნიშნავს პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი ნიკა მაჭუტაძე.
“რუსთავი2”