ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა არ იყო საჭირო, თუმცა იყო თხოვნები ოლივერ ვარჰეისგან, ევროკავშირის ელჩისგან და ეს მხედველობაში მივიღეთ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი კომისიაში გაგზავნილიყო.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, ვიდრე ის საბოლოო სახით, მესამე მოსმენით მიიღება. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ ოლივერ ვარჰეის მხრიდან. ევროკომისარის რეკომენდაცია იყო დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ასევე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ ევროკავშირის ელჩთან, ასევე, პირადად მქონდა შეხვედრა და მისგანაც მოვისმინეთ თხოვნა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნილიყო. ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ. შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, გარდა ვენეციის კომისიაში გაგზავნისა, კიდევ რა შეიძლება, მოითხოვონ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რათა მხარი არ დაუჭირონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, კობახიძემ განაცხადა:
„მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, არ მოხდეს დეოლიგარქიზაცია. მათ ინტერესებშია, შენარჩუნდეს ოლიგარქიული გავლენები. მაგალითად, კეზერაშვილის ოლიგარქიული გავლენები, სააკაშვილის, ხაზარაძის და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ სურთ, საქართველოში დეოლიგარქიზაცია არ განხორციელდეს. ერთადერთი მიზანი, რატომაც ამ კანონის გაგზავნა უნდოდათ ვენეციის კომისიაში, იყო საქართველოში მისი ამოქმედებისა და დეოლიგარქიზაციის შეფერხება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.
წყარო: 1tv.ge