მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები, მინისტრმა აღნიშნა:
„მედიკამენტების ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.
რაც შეეხება საკვებს, უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.