ილია დარჩიაშვილი – საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებელობას.
საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა, რათა რუსეთს შეასრულებინონ საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს, რადგან ასეთი ენა წარმატებული ვერ იქნება.
„ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ გამოსცადა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აერთაინებდა კონვენციური და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და ეს ხდებოდა ადრეული 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამას მოჰყვა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ ამ აგრესიის მძიმე შედეგებს ყოველდღიურად განვიცდით. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი რჩება ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს რეგიონები გადაქცეულია რუსეთის სამხედრო დასაყრდენად და დაცლილია მოსახლეობისგან. 300 ათასზე მეტი ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მათ დღემდე წართმეული აქვთ უფლება, დაბრუნდნენ სახლებში. მინდა, მოვიყვანო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის ივნისის ვერდიქტი, რომლითაც სამართლებრივად დადგინდა რუსეთის მიერ ოკუპაცია, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ეფექტური კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
კოლეგებო, ჩვენ არაერთხელ, სხვადასხვა დროს განვაცხადეთ, რომ საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის. ერთის მხრივ, ეს ამოცანა ითვალისწინებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და მეორე მხრივ, პრიორიტეტად ადგენს შერიგებასა და ნდობის აღდგენას ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ერთადერთი ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება და პროგრესი ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხზე. ჩვენ მადლობას ვუხდით ეუთო-ს გენერალურ მდივანს და თავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობისთვის, თანათავმჯდომარეების მონაწილეობით. გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს შევასრულებინოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ისევე, როგორც აიძულო რუსეთი, დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროპის უსაფრთხოების კონსოლიდაციისთვის სხვა გზა არ არსებობს. ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს. ასეთი ენა წარმატებული ვერ იქნება. ეუთო გვთავაზობს ყოვლისმომცველ და კარგად მორგებულ ჩარჩოს უსაფრთხოებისთვის, რომელიც 50 წლის მუშაობის შედეგია. გვჯერა, მას აქვს კარგი პოტენციალი, მომავალშიც მოემსახუროს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, მაგრამ ეს შესაძლებლობა შეიძლება, დარჩეს გამოუყენებელი, თუ ეუთო-ს ყველა წევრი არ სცემს პატივს საბაზისო პრინციპებსა და ვალდებულებებს, რომლის შესრულების ვალდებულებაც თავად იკისრეს” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
წყარო: 1tv.ge