ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი).
„თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას“, – აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს. შეერთებულ შტატებში განთავსებულმა უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.
„არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინული მხარე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავებთან, რათა მუქარის ყველა შემთხვევა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.
ამასთან, უკრაინის ყველა საელჩო და საკონსულო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული.
„მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ უკრაინის დიპლომატიური დაწესებულების მაქსიმალური დაცვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.