25 ოქტომბერს, თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართება. – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხარიდან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარი უხელმძღვანელებენ.
საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი მოიცავს საერთო ინტერესების საკითხებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. დიალოგი ხელს უწყობს უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
„შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრს, რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრის ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ორივე მხარის ძლიერ ინტერესს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.