შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან.
– „პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტ, კოენ ლენაერტის შეხვდება“ – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.
წყარო: 1tv.ge