მთავარი ჩვენი ვალდებულებაა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა – ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში რომ მშვიდობა და სტაბილურობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.
„მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს – რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა. ყველა ტრაგედიაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის დაცვასთან. კარგად გვახსოვს, რა განცხადებებით გამოდიოდნენ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია – გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო. ჩვენ არავის მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს, როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებას გააზრება სჭირდება, დიდი გააზრება. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას იმისთვის, რაც მათ დამართეს ქვეყნას. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.