მედიის ცნობით, გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან რუსეთის მოქალაქე, ბუნდესვერის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი და რამდენიმე რეზერვისტი

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბუნდესტაგის შტურმის მომზადების ბრალდებით დააკავეს გერმანიის – 24 და რუსეთის ერთი მოქალაქე. ამავე საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავეს ავსტრიასა და იტალიაშიც.

გერმანული პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის პრინცი ჰაინრიხ XIII, რომელსაც შეთქმულების მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდნენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაინრიხ XIII-ს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან, რათა მთავრობის დამხობის შემდეგ გერმანიაში ახალი წესრიგი ჩამოეყალიბებინა. როგორც მედია წერს, რუსეთის დაკავებული მოქალაქე ჰაინრიხ XIII-ს ამ კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან ბუნდესვერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი წევრი და რამდენიმე რეზერვისტი. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობით, შეთქმულების მონაწილეები ბუნდესტაგის შტურმსა და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას გეგმავდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ გერმანიაში არეულობა დაიწყებოდა, რასაც გადატრიალება მოჰყვებოდა.