შალვა ხაჭაპურიძემ: თუ სააკაშვილს გადაუვადდა სასჯელი, შეიძლება მოსამართლე თანამდებობას კი არა სიცოცხლეს დაემშვიდობოს

თუ სააკაშვილს გადაუვადდა სასჯელი, შეიძლება მოსამართლე თანამდებობას კი არა სიცოცხლეს დაემშვიდობოს – დაახლოებით ეს ქვეტექსტი იკითხება ხელისუფლების განცხადებებში – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“დღეს შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შუამდგომლობას სასამართლოზე დავაყენებთ. ეს მოსამართლეზე იქნება დამოკიდებული და იმ ცნობაზე, რაც წარმოდგენილი იქნება “ვივამედიდან”. თუ უარი გვეთქვა სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებაზე, არ გამოვრიცხავ, რომ გასვლითი სხდომა ჩატარდეს და ამის ტრანსლირება მოხდეს, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. დახურულ ფორმატში ვერც წარმომიდგენია.

რაც შეეხება მოსმართლეს, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებენ. ალბათ, სასურველი იქნება პროცესზე, სასამართლომ გააკეთოს განცხადება და სასამართლოს განმარტებით, იქნებ რამენაირად მოხერხდეს ამ შტურმის შეჩერება, რომელიც მიდის სასამართლოზე. წარმოუდგენელია, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანისთვის კვალიფიციურად ემკურნალა სახელმწიფოს, ექსპერტიზა თავად გაეკეთებინა, ეს ყველაფერი ჩვენ, მხარემ გავაკეთეთ. პირდაპირ მიდის ზეწოლა სასამართლოზე, სხვა რამეს ამას ვერ დავარქმევ, ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირში, აქ სასამართლოზე საუბარიც ზედმეტია და მაშინ ამ პროცესების ჩატარებასაც რა აზრი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სასამართლო გაბედავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სააკაშვილს გადაუვადდეს, ან გაათავისუფლოს მოსახდელი სასჯელისგან, ეს მოსამართლე შეიძლება თანამდებობას კი არა სიცოცხლესაც დაემშვიდობოს. დაახლოებით ამ ტიპის ქვეტექსტები იკითხებოდა. მე მოსამართლედ ვარ ნამუშევარი და ვიცი რას ნიშნავს მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება პრემიერისგან, პრეზიდენტისგან და ასე შემდეგ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.