სოხუმში და ცხინვალში ვერ ჩავდივარ, არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?! სულ ფეხებზე არ მკიდია უკრაინა და უკრაინელები, რუსი, ამერიკელი, თუ…

 თურმე, უნდა ვამაყობდე, რომ ქართველები, თუნდაც – ნაცების მიერ ტვინგადაბრუნებულები, უკრაინაში იღუპებიან – საქართველოსთვის იღუპებიან, თურმე, მისი ტერიტორიის გასამთლიანებლად!

ასე ამბობდნენ ზუსტად, როცა ქართველები ავღანეთსა და ერაყში იღუპებოდნენ, და ვინც ეჭვს გამოთქვამდა – აქაოდა, როგორ შეიძლება ცხინვალისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომლებიც მთაწმინდიდან ჩანს, მთვარეზე უფრო შორეულ, ქვიშაში გადაკარგულ ავღანეთსა და ერაყში იღუპებოდე? – რუსეთუმეს ეძახდნენ, ანუ – მტერს, ქართული ჯარის სულისკვეთების ძირის გამომთხრელს!

მერე უცებ მოკეტეს, როცა ჩვენი უფროსი „ძმები“ – ბირთვული ზესახელმწიფოს ამერიკული სუპერჯარი ავღანეთიდან თავპირისმტრევით გაიქცა – „თალიბანის“ გაუნათლებელმა, ჟანგიანი „კალაშნიკოვებით“ შეიარაღებულმა მწყემსებმა გააქციეს – კმარა, რაც აშშ-მა ჩვენი სამშობლოს ტერიტორია ყაყაჩოს ერთ დიდ პლანტაციად გამოიყენაო! ჰოდა, საქართველოს მბრძანებელო პოლიტიკოსებო, დღეს მაინც ხმამაღლა აღიარეთ, რომ ქართველები ავღანეთში სულ ტყუილად დავკარგეთ, საქართველოს კი არა, ყაყაჩოს გულისთვის, რომლითაც ამერიკელი ნარკობარონები მდიდრდებოდნენ, ქართველები კი ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვას ეწირებოდნენ, რადგანაც ამერიკელები გარეთ ცხვირის გამოყოფის – პატრულირებისათვის თავის სამხედროებს არ იმეტებდნენ!

იგივე განმეორდება უკრინაშიც – ხვალ-ზეგ, როცა ამერიკა გაძღება ევროპისთვის გაზის ათმაგ ფასში მიყიდვით და უკრაინაზე იარაღის გასაღებით, როცა უკრაინის ვალი აშშ-ს საგარეო ვალს გადაფარავს, ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ახალი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ მასკი, ომში ხელებს არ გაისვრის. მერე რას იტყვით – რას შეეწირნენ ქართველები უკრაინაში?!

ცნობისთვის: 2022 წლის მარტიდან დეკემბრამდე, ანუ სულ რაღაც 10 თვეში, უკრაინაში 33 ქართველი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა, ავღანეთში კი 2014 წლიდან 2021 წლამდე, ანუ 7 წელიწადში34 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში 2003 წლიდან 2008 წლამდე – 5 წლის განმავლობაში – 5 ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ.

ბოლოს და ბოლოს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი?! ცხინვალში და სოხუმში ვერ ჩავდივარ, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სადაც მშობლების აშენებული სახლი დამრჩა! ამის მერე არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?! სულ ფეხებზე არ მკიდია უკრაინა და უკრაინელები, რუსი, ამერიკელი და საერთოდ – მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა და ერი, თუ საქართველოში შვილები და მშობლები შიმშილში, სიბნელეში და სიცივეში ვამყოფეთ?! მოგენატრათ წინა ხელისუფლებების ომები, დანგრეული რუსთაველი, პურის და ნავთის რიგები, „კარტოჩკები“, კუპონები, „ირანსკი კერასინკები“ და შუქის გრაფიკი?! ყველა წესით და კანონით, დღეს საქართველო ამ და კიდევ უარეს დღეში უნდა იყოს! და რომ არ არის, მარტო ამისთვის მოქმედ ხელისუფლებას უნდა ვუმადლოდეთ, სხვა თუ არაფერი!

ბოლოთქმა:

ამით ვამთავრებ ტრილოგიას, რომელიც სპეციალურად მარტო ქართულ ენაზე დავწერე, რადგანაც სამივე წერილი შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი (პირველი ორი – „გარეთ ატლასი, შიგნით ათასი…“ და „საქართველოს ფარგლებს გარეთ მებრძოლი ქართველი არის მამლუქი, და არა გმირი!“). მარტო ერთ რამეს დავამატებდი – აზერბაიჯანის და, რაც მთავარია, რუსეთის გარეშე საქართველო, როგორც სა – ქართველო, ანუ ქართველების ქვეყანა, და არა სა-ქათმე, არა მგონია, გადარჩეს. „პატივცემული ბატონი პუტინი…“ – ამ სიტყვებით დაიწყო გუშინწინ თავისი გამოსვლა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ამბიციურმა ლიდერმა, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, თავისი ქვეყნის პატრიოტმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა გაზის ჰაბის შექმნის, ანუ თურქეთის აყვავების ნებართვა მისცა. ლარი რომ მყარდება (ფასები რომ მირბის, ეს ჩვენი, ქართველი გამყიდველების უსინდისობის ბრალია!), შუქი, გაზი, პური, ახალი სამუშაო ადგილები რომ გვაქვს, ეს, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ ორი ტრადიციული კულტურის მქონე ენერგომატარებლებით უმდიდრესი ქვეყნების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, საქართველოც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის, როგორც ტრანზიტული ტერიტორია. ხაზს ვუსვამ – ლაპარაკი გადარჩენაზეა და არა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, რაც ისედაც რუსეთის გვერდის ავლით არ გამოვა.

დაე, დამდეგი 2023 წელი მშვიდობის, სიხარულისა და სიყვარულის წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის, რომელიც თუნდაც ომის გრიგალში ჩათრეულ სამყაროში სიწყნარისა და გადარჩენის კიდობანია!

ღმერთი არს ჩვენთან!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ 
მთავარი რედაქტორი

2022 წლის 7 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

ფოტოზე – საქართველოს გმირი ჟიული შარტავა (ამას იმ არამზადა დედაკაცებისთვის ვწერ, ვინც სოცქსელებში ვაგზლის კახპა ქალებივით ილანძღება, რადგანაც პირში თქმის „ტრაკტატი“ არა აქვთ)

წყარო: http://saqinform.ge/