XVII საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც პორტუგალიელი ზღვაოსნებების მეშვეობით ჩაიმ ევროპაში შემოაღწია, ამ უცნაური მცენარის ნაყენმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და აღმოსავლური კულტურის ელემენტების ტრანსფორმირებით ბებერი კონტინენტის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ეს კიდევ არაფერი, XVIII ს-ის 70-იან წლებში უწყინარმა ჩაიმ ბრიტანეთის სამეფო კარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდა თავის ოკიანესგაღმა კოლონიებს. მატიანეები არაფერს უწყიან 1773 წელს ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე ინდიელებად გადაცმულმა აჯაყებულმა კოლონისტებმა ზღვაში მწვანე ჩაი გადაყარეს თუ შავი, თუმცა, ფაქტია, გრანდიოზულმა „ბოსტონურმა ჩაის სმამ“ ამერიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაუდო სათავე.
ამ პოლიტიკურმა პერფორმანსმა ერთიორად გაზარდა ჩაის პოპულარობის ხარისხი. განსაკუთრებით მწვანე ჩაის თემა გახლავთ აქტუალური. ბუნებრივია, მასთან მიმართებაში კითხვებიც უამრავია.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ჩაის მრავალი სახეობიდან მწვანე ჩაი ყველაზე სასარგებლოა?
ეს მოსაზრება მართებულია. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე და შავი ჩაი ერთიდაიმავე მცენარის ფოთლებისგან მზადდება, სარგებელი მწვანე ჩაის უფრო მეტი აქვს, რადგან მწვანე ჩაის მისაღებად საჭიროა ნაკლები დამუშავება, რის გამოც მეტად ინარჩუნებს პოლიფენოლებს და შესაბამისად მეტად არის გამოხატული მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები.
მწვანე ჩაი ჩინური კამელიის (Camellia sinensis) ფოთლებისგან მზადდება. ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: კატექინები, გამა ამინოერბო მჟავა (GABA), კოფეინი, ქლოროფილი, ფტორი, C, B2, E ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა (იგივე B9 ვიტამინი), ბეტა კაროტინი, მინერალები: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია.
კატექინები პოლიფენოლების ერთ-ერთი სახეობა და მწვანე ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძირითადად გვხვდება კატექინების ოთხი ჯგუფი, თუმცა, განსაკუთრებული დადებითი ეფექტით ხასიათდება ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG).
რა ეფექტებით ხასიათდება მწვანე ჩაი?
მწვანე ჩაიში შემავალი კატექინები ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. კატექინებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.
გამა ამინოერბოს მჟავა აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლურ ფუნქციას და გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აქვს ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდებას. მწვანე ჩაის შემადგენელი ვიტამინები და მინერალები ასევე ზრდის მის დადებით ეფექტებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მწვანე ჩაის შემადგენელი ანტიოქსიდანტები ამცირებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (“ცუდი” ქოლესტეროლი) დონეს სისხლში და ამავდროულად ზრდის მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (“კარგი” ქოლესტეროლი) დონეს სისხლში, რაც აუმჯობესებს ლიპიდური ცვლას და შესაბამისად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზულ დაზიანებას. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სტრესს და ზრდის გონებრივ მუშაობას. ასევე პოლიფენოლებს აქვს გამოხატული დადებითი ეფექტი პარკინსონის დაავადების დროს. მწვანე ჩაის შემადგენელი პოლიფენოლები აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს),
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პირებში მწვანე ჩაი კატექინების გავლენით ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, ასევე ამცირებს ნაწლავებიდან ნახშირწყლების შეწოვას, რის შედეგადაც მცირდება სისხლში შაქრის დონე და გამოხატულია მსუბუქი წონის კლება.
არის თუ არა მწვანე ჩაი სასარგებლო ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისათვის?
კი, მწვანე ჩაი ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის სასარგებლოა, რამდენადაც მას აქვს ანტიკარცენოგენული ეფექტი, ეს ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
მწვანე ჩაი პოლიფენოლების გავლენით ამცირებს თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედულ დაზიანებას. ჩაის პოლიფენოლები ასევე თრგუნავს უჯრედების პროლიფერაციას და აუმჯობესებს აპოპტოზს. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ასევე აინჰიბირებს სიმსივნური უჯრედების ინვაზიას. გარდა ამისა პოლიფენოლები იცავს ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და აძლიერებს იმუნური სისტემის აქტივობას.
როგორ მოვამზადოთ მწვანე ჩაის ნაყენი ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი სარგებელი?
მწვანე ჩაიმ სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, უნდა ვიცოდეთ მისი სწორად მომზადება. ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის მოსამზადებლად საკმარისია დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფოთლები და ანადუღარი წყალი, გაგრილებული 60-85 გრადუსამდე.
მდუღარე წყლით მწვანე ჩაის მომზადება არ არის რეკომენდირებული, რადგან იკარგება მისი სასარგებლო თვისებები. ხოლო მომზადებული მწვანე ჩაის მირთმევა უმჯობესია 60-70 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის. ასევე ყურადღება ექცევა მწვანე ჩაის სწორად შენახვას. მნიშვნელოვანია იყოს ჰერმეტულ ჭურჭელში, გრილ და ბნელ ადგილას.
რა რაოდენობით არის სასურველი მწვანე ჩაის მიღება?
ყველაფერში საჭიროა ზომიერება. შესაბამისად, მწვანე ჩაის ჭარბი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არ არის. დღის განმავლობაში სასურველია მივირთვათ 3 ფინჯანი მწვანე ჩაი. შესაძლებელია გემოვნური მახასიათებლების შესაცვლელად ასევე დავუმატოთ ლიმონი ან ჯინჯერი.
ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი შეიცავს დაახლოებით 35-80 მილიგრამ კოფეინს. ყავასთან შედარებით მწვანე ჩაი ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც აქვს გამოხატული მასტიმულირებელი ეფექტი.
მწვანე ჩაის მიღება ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს გონების კონცენტრაციას და განწყობას. მწვანე ჩაის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. თუ ადამიანს აქვს გამოხატული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ, უნდა შეზღუდოს მწვანე ჩაის ჭარბი რაოდენობით მოხმარება. ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება იწვევს ძილის გაუარესებას, გულისცემის აჩქარებას, გაღიზიანებადობას, კანკალს, თავის ტკივილს. ორსულობის პერიოდში სასურველია მწვანე ჩაის მიღება არ აჭარბებდეს ორ ფინჯანს.
არის თუ არა არათავსებადი მწვანე ჩაი რომელიმე პროდუქტთან?
კი, ჩაის არათავსებადობა კვლევებით დადგენილია რკინის შემცველ პროდუქტებთან მიმართებაში. მწვანე ჩაის ნამდვილად აქვს გავლენა სისხლში რკინის დონეზე, იგი შეიცავს ტანინს, მთრიმლავ ნივთიერებას, რომელიც აუარესებს რკინის სრულად შეწოვას. მწვანე და შავი ჩაი ორივე აუარესებს საკვებიდან მიღებული რკინის შეთვისებას, რადგან მათი მიღება ერთსა და იმავე მცენარისგან ხდება.
რკინის შემცველი პროდუქტებია: წითელი ხორცი, თევზი, კვერცხის ცილა, ნიგოზი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წითელი წიწაკა, კარტოფილი, ნიორი, კომბოსტო, ჭარხალი, ბარდა, ლობიო, ვაშლი, გარგარი, ანანასი, ყურძენი, ქიშმიში. სასურველია რკინის შემცველი პროდუქტები და მწვანე ჩაი მივიღოთ ერთსაათიანი ინტერვალით, რაც განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ რკინადეფიციტური ანემიის მქონე პირებმა.
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩაი, ხილის მსგავსად, წახემსების ფორმატში, ცალკე სეგმენტად უნდა განვიხილოთ?
რკინადეფიციტური ანემიის მქონე პირებმა უმჯობესია საკვების მიღებიდან საშუალოდ 1 საათში მივიღოთ ჩაი. ამ შემთხვევაში როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაის მიღება უშუალოდ კვების შემდეგ რეკომენდირებული არ არის. განსაკუთრებით ძლიერი ჩაის მიღება არ არის სასურველი (ანუ დიდი რაოდენობით ჩაის ფოთლების გამოყენება მისი მომზადების დროს). ზოგადად ჩაის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ ჩაის მივიღებთ კვებებს შორის და არ მივირთმევთ უშუალოდ კვების შემდეგ.
წყარო: resonancedaily.com