„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შიმშილობის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა ფრაქციის რამდენიმე წევრმა ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება.
დეკანოიძის თქმით, კოლეგების გადარწმუნება სცადა, მაგრამ მათ მძიმე ემოციური ფონი აქვთ იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და შიმშილობა გამოაცხადეს.
ხატია დეკანოიძის განმარტებით, ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფაა.
„მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი. ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა, დღეს მათ მიიღეს ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე პირადად და ფრაქციაში რამდენიმე ადამიანი ვიყავით კატეგორიული წინააღმდეგი. ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების წინააღმდეგი ვარ და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ ალბათ ჩემი მეგობრები. განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ მას და ყველა ჩვენგანს გვაქვს ემოციური ფონი. საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც ემოციურად ძალიან მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება, რასაც უკეთებს მას საქართველოს ხელისუფლება, ადამიანები, რომლებიც არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ინდივიდუალური თავგანწირვის აქტი – შიმშილობა განახორციელონ. ვეცადე გადარწმუნებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამომივიდა. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, პოლიტიკური აქტი, რომელიც არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავგანწირვა ასე გამოხატონ. ვფიქრობ, ყველამ, სადაც შეუძლია, როგორც შეუძლია ისე უნდა გამოხატოს პროტესტი. მე არასდროს შიმშილობისკენ არავის მოვუწოდებ, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მათი გადაწყვეტილება დასაფასებელია. ნამდვილად არ მგონია, „ქართული ოცნება“ შეიგნებს, რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პროცესები, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, არის საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს. დავით კირკიტაძის განმარტებით, ისინი „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.