„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი შიმშილობას იწყებენ.
ამის შესახებ დავით კირკიტაძემ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
დავით კირკიტაძის განმარტებით, „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.
მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული კადრებით, სადაც ყველამ ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, ბუნებრივია, გულგრილი არ დარჩენილა არცერთი მოქალაქე და ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის მეგობრები და თანამებრძოლები, ამ ყველაფერს ვერ შევხვდით და არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და პარლამენტის კედლებს გარეთაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს საზოგადოებას საკმარისზე მეტად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, არ უნდა გავხდეთ თანამონაწილენი ამ აქტისა უკვე მეორედ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი. ეს პოლიტიკური აქტი იქნება აქაც და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.