დავით კირკიტაძე: უამრავი ადამიანი დამიკავშირდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც მზად არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას

უკვე უამრავი ადამიანი დამიკავშირდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, საკრებულოს წევრები და ჩვეულებრივი ადამიანი, ამ ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც მზად არიან, რომ მიმართონ პროტესტის ანალოგიურ ფორმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

„ხელისუფლებაზე, რომელიც არის მთლიანად დაბრმავებული შურისძიების გრძნობით, საჭიროა ზეწოლა საზოგადოების მხრიდან და ჩვენი პოლიტიკური აქტი, რომელიც გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში, შიმშილობა, არის ერთ ერთი. ამას უნდა მოჰყვეს კანონით დაშვებული სხვადასხვა საპროტესტო აქტი, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე.

 

უკვე უამრავი ადამიანი დამიკავშირდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, საკრებულოს წევრები და ჩვეულებრივი ადამიანი, ამ ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც მზად არიან, რომ მიმართონ პროტესტის ანალოგიურ ფორმას. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ ჩაერთონ და გამოხატონ თავიანთი პროტესტის ამ ფორმით, მაგრამ მე არავის არ მოვუწოდებ, შიმშილობისკენ. უახლოეს დღეებში, ძალიან მალე უნდა გვქონდეს მთლიანად საზოგადოებას რეაქცია და სამოქმედო გეგმაც და ნუ დაველოდებით ვინმეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

კირკიტაძის თქმით, მზადაა პარლამენტი დატოვოს, თუმცა შიმშილობას უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვება და დღეს ეს უფრო მნიშვნელოვანია.

 

„პარლამენტის დატოვებას წინ არაფერი არ უდგას, შეიძლება ნებისმიერ წუთს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია მოქმედება, მოქმედება და კიდევ ერთხელ მოქმედება. ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. არავის მოწოდება არ მჭირდება, ერთი წუთითაც არ ვარ არსად გამჩერებელი, მით უმეტეს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის შიმშილობას და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას აქვს უფრო მეტი რეზონანსი, ვიდრე პარლამენტის წევრის სტატუსის დატოვებას“, – განაცხადა კირკიტაძემ.